ბერიშვილის 19 ქულა „ალ სადთან“ მოგებულ მატჩში, ცინცაძეს არ უთამაშია
ყატარულმა „ალ შამალმა“, რომლის ღირსებას გიორგი ცინცაძე და მიხეილ ბერიშვილი იცავენ, ჩემპიონატში მორიგი თამაში დაძაბულ ბრძოლაში მოიგო. ქართველების გუნდმა „ალ სადთან“ მინიმალური სხვაობით, 73-72 იმარჯვა და ერთპიროვნული ლიდერობა შეინარჩუნა. გიორგი ცინცაძეს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია, მიხეილ ბერიშვილი კი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მიშამ შეუცვლელად ითამაშა და 19 ქულა, 8 მოხსნა, 3 პასი და 3 ჩაჭრა დააგროვა. ქართველმა მსროლელმა 6-დან 2 ორქულიანი, 5-დან 3 სამქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. ბერიშვილის სარგებლიანობის კოეფიციენტი 26-ს გაუტოლდა და ის თანაგუნდელთა შორის მხოლოდ ემირ მუიკიჩს (22 ქულა, 14 მოხსნა) ჩამორჩა.
„ალ შამალი“ 10 მოგებითა და 3 მარცხით პირველ ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩს ბერიშვილის და ცინცაძის გუნდი 23 იანვარს, სტუმრად, „ყატარ სპორტსთან“ ჩაატარებს.