ყველა მონდომებულია და მაქსიმუმს ვაკეთებთ - საქართველოს ნაკრები სლოვენიაში ემზადება [ვიდეო] #1TVSPORT
ყველა მონდომებულია და მაქსიმუმს ვაკეთებთ - საქართველოს ნაკრები სლოვენიაში ემზადება [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების შეკრება სლოვენიაში, კურორტ როგლაში გრძელდება. ოფიციალურ მატჩებამდე, რომლებიც მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით 24 და 27 აგვისტოს გაიმართება, ჩვენი გუნდი ამხანაგურ შეხვედრებს ჩაატარებს.

2 დღეა ნაკრებს შეუერთდა სანდრო მამუკელაშვილი, რომელსაც გუნდთან სრულფასოვანი ვარჯიშის უფლება NBA-ის რეგულაციების გათვალისწინებით 4 აგვისტოდან აქვს. სანდროს თან ახლავს „მილუოკი ბაქსის” ერთ-ერთი მწვრთნელი, ჯეკ დენიელსი, რომელიც მამუკელაშვილს ჩვენი ნაკრების დარბაზში მისვლამდე ინდივიდუალურად ავარჯიშებს. შემდეგ კი სანდრო ნაკრებთანაც ვარჯიშობს, თუმცა მხოლოდ სროლებით და 5-0 კომბინაციებით შემოიფარგლება, სადაც მოთამაშეებს ერთმანეთთან უშუალო კონტაქტი არ აქვთ.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელებმა მოსამზადებელი ეტაპის შესახებ ისაუბრეს.

თორნიკე შენგელია: „საკმაოდ კარგად მიდის ჩვენი შეკრება, კარგად ვემზადებით როგორც ფიზიკურად, ისე ტაქტიკურად და მჯერა, რომ შეკრების მეორე ნახევარი უფრო პროდუქტიული იქნება.“

გიორგი ცინცაძე: „გუნდი თითქმის ერთი კვირაა შეკრებაზეა, რამდენიმე დღე თბილისში ვიყავით და ახლა უკვე სლოვენიაში გადმოვედით, ახალგაზრდებით დაწყებული, ვეტერანებით დამთავრებული ყველა ძალიან მონდომებულია. ყველამ ვიცით, რომ აქ საერთო მიზნისთვის ვართ და მაქსიმუმს ვაკეთებთ. ახლოვდება ამხანაგური თამაშებიც, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან კონკრეტული მონახაზები და მწვრთნელის დავალებები ყველამ კარგად ვისწავლოთ. კონკრეტულად ჩემთვისაც მნიშვნელოვანია ეს თამაშები, რადგან საკმაოდ რთული ტრავმის შემდეგ ერთი წელია არ მითამაშია, ახლა ვბრუნდები და იმედია, შევალ ისეთ ფორმაში, რომ ევროპის ჩემპიონატისთვის მზად ვიყო და გუნდს დავეხმარო 100%-ით.“

სანდრო მამუკელაშვილი: „მეორე დღეა ბიჭებთან ერთად როგლაში ვარ. ძალიან კარგად მიდის ვარჯიშები და რა თქმა უნდა, NBA-ის რეგულაციების გამო, ფიზიკურ კონტაქტს ვერიდებით. ჩემთან ერთად ჩემი მწვრთნელია და ნაკრები ხელს მიწყობს, რომ ადრე მოვიდე დარბაზში და ვივარჯიშო მასთან ერთად. ვაკეთებ სროლებს და ვეგუები ბიჭებს, რომ ერთი გუნდი ვიყოთ და ერთად შევიკრათ.“

 

დატოვე კომენტარი