ტრანსფერი | მიხეილ ბერიშვილი თსუ-ში ითამაშებს [ვიდეო] #1TVSPORT
ტრანსფერი | მიხეილ ბერიშვილი თსუ-ში ითამაშებს [ვიდეო] #1TVSPORT

მიხეილ ბერიშვილი თსუ-ში ითამაშებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი წევრი, რომელიც ბოლო სამი წელი საზღვარგარეთ ასპარეზობდა, 2021-2022 წლების სეზონს სუპერლიგის კლუბში გაატარებს. ბერიშვილის კარიერა სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდში, 2004 წელს დაიწყო, რის შემდეგაც მან არაერთი უცხოური და ქართული კლუბი გამოიცვალა.

მიხეილ ბერიშვილი კომენტარში იმ მიზეზებზე საუბრობს, თუ რატომ აირჩია სუპერლიგაში დაბრუნება და თსუ-ში თამაში.

– ბოლო წლები უცხოეთში გავატარე და ახლაც მქონდა შემოთავაზებები როგორც საზღვარგარეთიდან, ისე ქართული კლუბებიდან, მაგრამ თსუ-ში თამაში გადავწყვიტე. თსუ-თან საკუთარი ისტორია მაკავშირებს. კარიერა უნივერსიტეტის გუნდში დავიწყე, თსუ-ში მოვიგე ჩემი პირველი ტიტული – საქართველოს თასი. თსუ-ში ვთამაშობდი 2010-2011 წლების სეზონშიც და ამ კლუბთან მხოლოდ დადებითი ემოცია მაკავშირებს.

აღსანიშნავია, რომ ყატარულ „ალ შამალში“ ბერიშვილთან ერთად გიორგი ცინცაძე თამაშობდა, რომელმაც თსუ-თან კონტრაქტი 15 ივლისს გააფორმა. ცინცაძესთან ერთად თსუ-ში ითამაშებს კიდევ ერთი ნაკრების მოთამაშე – ნიკოლოზ დარბაიძე, რომელმაც გასული სეზონი „დინამოში“ გაატარა.

– ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის გარემოება, რომ თსუ-ში გიორგი ცინცაძე თამაშობს. მასთან არაერთ გუნდში, ასევე ეროვნულ ნაკრებში ვყოფილვარ და ახლო მომავალშიც, ნაკრებში კვლავ ერთად მოგვიწევს თამაში. კარგი იქნება, რომ ერთ გუნდში ვართ და ერთმანეთთან მოედანზე კიდევ უფრო კარგად შეთამაშებული ვიქნებით. ამასთან, თსუ-შია ნაკრების კიდევ ერთი წევრი, ნიკა დარბაიძე და ეს ფაქტორი სამივე ჩვენგანისთვის სასარგებლოა.

საქართველოს ნაკრები – მიზეზი, რატომაც აირჩია ბერიშვილმა სუპერლიგა.

– ბოლო წლები კატარში გავატარე, სადაც ტიტულები კი მოვიგე, მაგრამ რიგი მიზეზების გამო გარკვეულ თამაშებზე ვერ შევძელი ეროვნულ ნაკრებში ჩამოსვლა. მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის ნოემბერში და შემდეგ თებერვალში ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე თამაშები ელის და საქართველოს სუპერლიგაში ყოფნით ზემოთნახსენები პრობლემები არ შემექმნება.

დატოვე კომენტარი