ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა საქართველოს ნაკრების და სან სებასტიანის „გიპუზკოას“ კალათბურთელმა ბექა ბურჯანაძემ. ესპანეთის ჩემპიონატის 23-ე ტურში მისმა გუნდმა საკუთარ მოედანზე „ბრეოგანი“ ანგარიშით 100-65 გაანადგურა. ამ გამარჯვების მთავარი შემოქმედი ქართველი ფორვარდი გახლავთ. ბექას „ლიგა ენდეზაში“ პირადი კარიერის საუკეთესო თამაში ჰქონდა. ბურჯანაძემ 27:23 წუთში 10-დან 8 ორქულიანი, 5-დან 3 სამქულიანი და ხუთივე საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა. 30 ქულასთან ერთად, 6 მოხსნა და ერთი პასიც ჩაიწერა აქტივში. ბუნებრივია, ამ სტატისტიკის გათვალისწინებით, ბექა ბურჯანაძე, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. „გიპუზკოამ“ ესპანეთის ჩემპიონატში, მეხუთე გამარჯვება მოიპოვა და კვლავ აუთსაიდერია. მომდევნო ტურში, ბასკური კლუბი ტენერიფეს „იბეროსტარს“ დაუპირისპირდება.