ბექა ბურჯანაძე „გრან კანარიას“ კალათბურთელი გახდა. ქართველი ახალ გუნდში მინიმუმ ორ სეზონს გაატარებს. აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
ბურჯანაძე მხოლოდ 16 წლის იყო, როდესაც „ლიგა ენდესაში“ დებიუტი ჰქონდა და ევროასპარეზზეც კი ითამაშა. სევილიაში გატარებული რამდენიმე სეზონის შემდეგ, ის „ლეიმა ბასკეტ კორუნაში“ გადავიდა და გუნდში ერთ-ერთი გამორჩეული კალათბურთელი იყო. შემდეგ მან „მორაბანკ ანდორაში“ გაატარა ორი სეზონი, ვიდრე გასულ სეზონზე „დელტეკოში“ ითამაშებდა.
„დელტეკოში“ მან 32 შეხვედრა ჩაატარა და მატჩში საშუალოდ 11.2 ქულას და 5.8 მოხსნას აკეთებდა.
ბურჯანაძეს ახალ კლუბში გადასვლა ზაზა ფაჩულიამ „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე მიულოცა.
„ჩემს ძმას ვულოცავ კარიერის ახალ ეტაპს. ყველაზე მშრომელი კალათბურთელია, ვისაც ვიცნობ“, – წერს საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი.