ბენიამინ ნეთანიაჰუ - აშშ-ის პრეზიდენტი თუ გულისხმობდა, რომ მე ვაკეთებ რამეს ისრაელის უმრავლესობის სურვილის საწინააღმდეგოდ და ეს აზიანებს ისრაელის ინტერესებს, მაშინ ის ცდება
ბენიამინ ნეთანიაჰუ - აშშ-ის პრეზიდენტი თუ გულისხმობდა, რომ მე ვაკეთებ რამეს ისრაელის უმრავლესობის სურვილის საწინააღმდეგოდ და ეს აზიანებს ისრაელის ინტერესებს, მაშინ ის ცდება

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადების საპასუხოდ, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელის მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს მის პოლიტიკას.

ნეთანიაჰუს თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის ბოლო განცხადება იმის შესახებ, რომ „ჰამასის“ წინააღმდეგ ომში ბენიამინ ნეთანიაჰუ უფრო მეტად აზარალებს ისრაელს, ვიდრე ეხმარება, არასწორი და მცდარია.

„ზუსტად არ ვიცი, რას გულისხმობდა აშშ-ის პრეზიდენტი, მაგრამ თუ ის გულისხმობდა, რომ მე ვაკეთებ რამეს ისრაელის უმრავლესობის სურვილის საწინააღმდეგოდ და რომ ეს აზიანებს ისრაელის ინტერესებს, მაშინ ის ცდება. ეს არ არის მხოლოდ ჩემი პირადი პოლიტიკა. ეს არის პოლიტიკა, რომელსაც მხარს უჭერს ისრაელის დიდი უმრავლესობა. ისინი მხარს უჭერენ ქმედებებს, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ხალხს კარგად ესმის, რომ თუ ისრაელი სხვაგვარად მოიქცევა, 7 ოქტომბერი გამეორდება.

„ისრაელის უმრავლესობას ესმის, რომ თუ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, ჩვენ გვექნება 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტის გამეორება, რაც ცუდია ისრაელისთვის, ცუდია პალესტინელებისთვის და ცუდია ახლო აღმოსავლეთში მშვიდობიანი მომავლისთვის“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ამასთან, ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ისრაელის შეტევის გაფართოება რაფაჰში „ჰამასის“ დამარცხებისთვის გადამწყვეტია.

„ჩვენ ძალიან ახლოს ვართ გამარჯვებასთან. როგორც კი დავიწყებთ სამხედრო მოქმედებას რაფაჰში დარჩენილი ტერორისტული ბატალიონების წინააღმდეგ, ეს მხოლოდ კვირების საკითხი იქნება“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ღაზაზე ისრაელის საჰაერო და სახმელეთო თავდასხმის დროს დაღუპულ პალესტინელებს შორის, სულ მცირე, 13 000 ტერორისტი იყო.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ „ჰამასის“ წინააღმდეგ ომში ბენიამინ ნეთანიაჰუ უფრო მეტად აზარალებს ისრაელს, ვიდრე ეხმარება. როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, ქალაქ რაფაჰში ისრაელის პოტენციური სამხედრო ოპერაცია მისთვის „წითელი ხაზია“.