ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინულ დაზვერვას აქვს ინფორმაცია, რომ რუსეთი დღეს ღამით და ხვალ უკრაინაზე მასშტაბური დარტყმების განხორციელებას გეგმავს

02:23, 17.11.2026

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინულ დაზვერვას აქვს ინფორმაცია, რომ რუსეთი დღეს ღამით და ხვალ უკრაინაზე მასშტაბური დარტყმების განხორციელებას გეგმავს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსები თავდასხმისთვის ემზადებიან. გთხოვთ, დღეს საღამოს, ღამით და ხვალ მთელი დღის განმავლობაში ყურადღება მიაქციოთ სარაკეტო საფრთხის შესახებ გაფრთხილებებს. გაუფრთხილდით საკუთარ თავს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, რუსეთი ომის დასრულებას არ აპირებს და თავდასხმებისა და ადამიანების ტანჯვის გახანგრძლივებას ცდილობს.

ამასთან, როგორც ზელენსკი აცხადებს, დაზვერვის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეა რუსეთს დამატებით ბალისტიკურ რაკეტებს აწვდის.

„ეს უკიდურესად სახიფათოა და არა მხოლოდ უკრაინისთვის. ამ ომში ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით ჩრდილოეთ კორეა საკუთარ იარაღს უფრო ეფექტიანს ხდის. ეს დამატებით გამოწვევებს ქმნის კორეის გარშემო მდებარე მთელი რეგიონისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, იმ პირობებში, როდესაც რუსეთს ბალისტიკური რაკეტებით ჩრდილოეთ კორეა ამარაგებს, უკრაინასაც სჭირდება შესაბამისი შესაძლებლობები, რათა რუსეთის საფრთხეს თანაბარ პირობებში უპასუხოს.

ზელენსკის განცხადებით, უკრაინა გერმანიასთან, საფრანგეთთან, დიდ ბრიტანეთსა და იტალიასთან შესაბამისი შეიარაღების მიწოდების გაზრდის საკითხს განიხილავს. მისი თქმით, ევროპას აქვს რაკეტები, რომლებსაც ეფექტიანი დარტყმების განხორციელება შეუძლიათ.

მსგავსი