მარკ კარნიმ და სი ძინპინმა ახალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმების შესახებ განაცხადეს
კანადამ და ჩინეთმა ახალი სავაჭრო შეთანხმება გააფორმეს. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ და ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა შენჟენში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადეს.
„კანადასა და ჩინეთს შორის უფრო მჭიდრო კომუნიკაცია და თანამშრომლობა სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ ჩვენს ქვეყნებს, არამედ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონსა და მთლიანად მსოფლიოს“, – განაცხადა სი ძინპინმა მარკ კარნისთან შეხვედრისას.
თავის მხრივ, მარკ კარნიმ განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები უფრო პროგნოზირებადი და სტაბილური გახდა.
კარნის თქმით, იანვარში ჩინეთში მისი ვიზიტის შემდეგ, ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობები და კონტაქტები მნიშვნელოვნად გააქტიურდა. მისივე განცხადებით, კანადა ვადაზე ადრე ასრულებს მიზანს, რომელიც ათწლეულის ბოლომდე ჩინეთში ექსპორტის 50 პროცენტით გაზრდას ითვალისწინებს.
კანადის მთავრობის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ჩინეთი კანადური ღორის ხორცისა და ზღვის პროდუქტების ექსპორტზე საბაჟო ტარიფებს შეამსუბუქებს. შეღავათი დაახლოებით 400 მილიონი კანადური დოლარის (280 მილიონი აშშ დოლარის) ღირებულების პროდუქციას შეეხება.
ჩინეთი კანადის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია შეერთებული შტატების შემდეგ. 2025 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 125 მილიარდ კანადურ დოლარს (87.4 მილიარდი აშშ დოლარი) გადააჭარბა.