ბელარუსში სვეტლანა ციხანოვსკაიას წინააღმდეგ ტერაქტის მომზადების ბრალდებით საქმე აღძრეს
ბელარუსში სვეტლანა ციხანოვსკაიას წინააღმდეგ ტერაქტის მომზადების ბრალდებით საქმე აღძრეს

ბელარუსში პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, სვეტლანა ციხანოვსკაიას წინააღმდეგ ტერაქტის მომზადების ბრალდებით საქმე აღძრეს.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, ბელარუსის გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე ციხანოვსკაიასა და ინიციატივა „ბაიპოლის“ წევრების წინააღმდეგ აღძრა.

როგორც ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოსთან საუბარში ქვეყნის მთავარმა პროკურორმა განაცხადა, საქმის ფიგურანტები მინსკსა და სხვა ქალაქებში აფეთქებების მოწყობასა და ხანძრების გაჩენას გეგმავდნენ.

სააგენტო „ბელტას“ ცნობით, უახლოეს მომავალში ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი ციხანოვსკაიაზე საერთაშორისო ძებნას გამოაცხადებს და ლიეტუვასა და პოლონეთს მის ექსტრადირებას მოსთხოვს.

ინიციატივა „ბაიპოლი“ ბელარუსის ძალოვანი უწყებების ყოფილმა თანამშრომლებმა დააარსეს, რომლებიც ქვეყნის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ გამოდიან და სვეტლანა ციხანოვსკაიას ბელარუსის არჩეულ პრეზიდენტად მიიჩნევენ.

შეგახსენებთ, რომ მანამდე, 26 მარტს ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ორი ტერაქტი აღკვეთეს. გამოძიების ცნობით, დაკავებულია 35 წლის მოქალაქე, რომელმაც ასაფეთქებელი მოწყობილობა დაამზადა და ნაგვის ყუთში განათავსა, რომელიც სკოლასთან ახლოს იდგა.

პრესრელიზში ასევე ნათქვამია, რომ დაკავებულ პირს კონტაქტი ჰქონდა ინიციატივა „ბაიპოლის“ წევრებთან და მათგან მიიღო დავალება, აფეთქებები მოეწყო.

დატოვე კომენტარი