ბეგლარიშვილი უნიკალური ჰეთ-თრიქის ავტორი გახდა - ქართველმა ესტონელებს მიანიშნა, რომ ნაკრებში მასზე თვალს ხუჭავენ [ვიდეო] #1TVSPORT
ესტონეთის მეისტრლიგის (ჩემპიონატის) მესამე ტურის მატჩში უნიკალური ამბავი მოხდა, რომლის გმირიც ზაქარია ბეგლარიშვილი გახლდათ. ქართველი ნახევარმცველის გუნდმა, ტალინის „ლევადიამ“ ვილიანდში „ტულევიკს“ ესტუმრა და დიდი ანგარიშით გაიმარჯვა, ხოლო ბეგლარიშვილი მატჩის გმირი გახდა.
30 წლის ქართველმა შემტევმა ჰეთ-თრიქი შეასრულა და სამივეჯერ გოლი პენალტით გაიტანა. ანგარიში მეოთხე წუთზე გახსნა. მეკარემ მიმართულება გამოიცნო, მაგრამ ბურთს ვერ შესწვდა. 31-ე წუთზე ბეგლარიშვილმა კიპერი კარგად დააწვინა და უშანსოდ დატოვა, ხოლო 64-ე წუთზე საჯარიმო უკვე მარცხენა ფეხით შეასრულა და მეკარემ რეაგირებაც ვერ მოახერხა. მეოთხე გოლი 73-ე წუთზე „სამტრედიადან“ „ლევადიაში“ გადასულმა ჩრდილოეთ მაკედონიელმა თავდამსხმელმა, სტრაჰინია კრსტევსკიმ გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 0:4 „ლევადიას“ სასარგებლოდ. „თელავიდან“ გადასულ ანტონ თოლორდავას არ უთამაშია.
მეორე გოლის შემდეგ ბეგლარიშვილმა თვალებზე ხელი აიფარა და ამით ესტონეთის ნაკრების ხელმძღვანელობას მიანიშნა, რომ მასზე თვალს ხუჭავენ. 2018 წელს ბეგლარიშვილმა ესტონეთის მოქალაქეობა მიიღო, რადგან ნაკრებში მისი თამაშით დაინტერესებულები იყვნენ, მაგრამ შემდეგ ტრავმა მიიღო და დღემდე ბალტიისპირელთა ნაკრებში მატჩი არ ჩაუტარებია.
მიმდინარე სეზონი ბეგლარიშვილმა ჩინებულად დაიწყო – მან სამი მატჩში ოთხი გოლი გაიტანა და ბომბარდირებში გალიდერდა. ის სეზონში პირველი ჰეთ-თრიქის ავტორიც გახდა და „ტულევიკი“-„ლევადიას“ მატჩის საუკეთესო მოთამაშის პრიზიც დაიმსახურა. „ლევადია“ კი უდანაკარგოა და ცხრა ქულით გათამაშების ლიდერია.