ზაქარია ბეგლარიშვილი კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებს. ესტონეთის მეისტერლიგის მე-11 ტურში მისმა კლუბმა, ტალინის „ფლორამ“ მეორეადგილოსანი „ნოომე კალიუ“ მიიღო. მთავარი ისაა, რომ 27 წლის ქართველმა თავი ისევ გამოიჩინა.
შეხვედრა ტალინელებისთვის სასურველი შედეგით არ დასრულდა – ისინი უშუალო კონკურენტთან საშინაო მატჩში მხოლოდ ქულას დასჯერდნენ – 3:3. ბეგლარიშვილი „ფლორას“ ძირითად შემადგენლობაში იყო და გუნდს გოლით საჭირო დროს დაეხმარა: 66-ე წუთზე „ფლორა“ 1:2-ს აგებდა, როდესაც ქართველმა პენალტი ზუსტად შეასრულა.
„ფლორა“ 23 ქულით მესამე ადგილზეა და ლიდერებს, „ლევადიასა“ და „ნოომე კალიუს“ ოთხ-ოთხი ქულით ჩამორჩება. ბეგლარიშვილმა კი მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 11 მატჩში რვა გოლი გაიტანა და ბომბარდირებში მეორეზე დაწინაურდა. ქართველმა ანგარიშზე ბოლო ხუთ შეხვედრაში სულ ექვსი გოლი ჩაიწერა.