ბეჟანიშვილი 10-დღიანი კონტრაქტით - ამერიკული მედია გუნდებს გიორგის აყვანას ურჩევს #1TVSPORT
როგორც ყველა სპორტის სახეობაში, ბოლო დროს კალათბურთშიც იმატა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ. ამ მხრივ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაშიც მძიმე სურათია და გუნდებმა სხვადასხვა ლიგებიდან მოთამაშეების 10-დღიანი კონტრაქტით აყვანას მოუხშირეს.
ამერიკული გამოცემა hoopsrumors-ის რეპორტიორი, ჯეი დი შოუ NBA-ის გუნდებს 10-დღიანი კონტრაქტით გიორგი ბეჟანიშვილის აყვანას ურჩევს, რომელიც „დენვერ ნაგეტსის“ G ლიგის გუნდში „გრანდ რაპიდს გოლდში“ თამაშობს.
„გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ჯეისონ ტერიმ ამ სეზონში არაერთი ვეტერანი კალათბურთელი მიიყვანა, მაგრამ ერთ-ერთი ვისაც 10-დღიანი კონტრაქტის გასაფორმებლად უნდა დავაკვირდეთ არის 23 წლის კალათბურთელი გიორგი ბეჟანიშვილი. მან ბოლო 8 მატჩში საშუალოდ 16.4 ქულა და 8.6 მოხსნა დააგროვა“, – წერს ჯეი დი შოუ.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსის გამო მომდევნო შეხვედრებში „ინდიანა პეისერსს“ ვერ დაეხმარება გოგა ბითაძე.
ბეჟანიშვილის „გრანდ რაპიდს გოლდი“ შემდეგ შეხვედრას 5 იანვარს „ვესტჩესტერის“ წინააღმდეგ გამართავს.