ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, რომ დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე პროკურორის პოზიციაზე იყო
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი არ ახორციელებს მართლმსაჯულებას, – ამის შესახებ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე სასამართლო სხდომიდან გაძევების შემდეგ, ბრალდებულის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა.
თემურ ჯანაშიას ადვოკატის შეფასებით, დღევანდელ სხდომაზე მოსამართლის ქცევა ცალ კარში თამაში იყო.
„ამ პროცესს სასამართლოსთან არაფერი აქვს საერთო. ერთი დიდი ფარსია, როცა მოწმე დაცვის სასარგებლო ჩვენებას აძლევს, მოსამართლე კი, პროკურატურის პოზიციაზეა. მოსამართლე მოწმის დაკითხვის დროს აკეთებდა შეფასებას, თითქოს რაიმე არასწორად გვესმოდა. ეს მოსამართლე სულ ასე იქცევა. საკვანძო მოწმეების დაკითხვისას ყველაფერს აკეთებს, რომ ჯანაშიას სასარგებლო არაფერი ითქვას. ეს არის ცალ კარში თამაში. ის არ ახორციელებს მართლმსაჯულებას”, – განაცხადა ბასილაიამ.
ბექა ბასილაია მოსამართლემ დაუმორჩილებლობის მოტივით დღეს ორჯერ დააჯარიმა, საბოლოოდ კი, სხდომიდან გააძევა. ხმაურის გამო ასევე დაჯარიმდა პროკურორი გიორგი მუჯირი.