ბავშვთა საფეხბურთო ფესტივალი გაიხსნა - „ჯეოქაფი“ სამომავლოდ საერთაშორისო სტატუსს მიიღებს #1TVSPORT
თბილისში, დიღომში, ახალი ოლიმპიური სოფლის მოედნებზე ახალი საფეხბურთო ფესტივალი „ჯეოქაფი“გაიხსნა. ეს არის მასშტაბური ტურნირი, რომელშიც 32 გუნდი და 500-მდე ბავშვი მონაწილეობს. ფესტივალი პირველ ივლისამდე გაგრძელდება.
მსგავსი ფესტივალები დანიასა და შვედეთში „დანაქაფის“ და „გოთია ქაფის“ სახელებითაა ცნობილი. მატჩები 60/4-მეტრიან მოედნებზე 9/9-ფორმატით 20-20 წუთიანი ტაიმებით ტარდება. ფესტივალის თავისებურება ისაა, რომ ქულები და გამარჯვებულები არ ვლინდება, ბავშვებმა ფეხბურთით უნდა ისიამოვნონ, რაც ამ თამაშის პოპულარიზაციისთვის არის საჭირო.
პანდემიის გამო არსებულმა შეზღუდვებმა ორგანიზატორებს უცხოური გუნდების ჩამოყვანაში ხელს შეუშალა, მაგრამ იმედოვნებენ, რომ ეს ტრადიციული და საერთაშორისო ფესტივალი გახდება. „ჯეოქაფის“ მხარდამჭერები არიან საქართველოსა და თბილისის ფეხბურთის ფედერაციები და საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი.
ფესტივალის შესახებ საქართველოს პირველ არხთან კომენტარები ფესტივალის ორგანიზატორმა და მხარდამჭერებმა გააკეთეს.
თორნიკე მაისურაძე, ტურნირის ორგანიზატორი:
„მსგავსი ტურნირები ტარდება დანიასა და შვედეთში – „დანაქაფი“ და „გოთია ქაფი“. ამ ფესტივალზე ქართულ გუნდებს არაერთხელ უთამაშიათ. გადავწყვიტეთ, ისეთი ტურნირი ჩაგვეტარებინა, რაც საქართველოსთან იქნებოდა ასოცირებული და მას „ჯეოქაფი“ დავარქვით. წელს პანდემიამ შეგვიშალა ხელი, თორემ გვსურდა, საერთაშორისო ყოფილიყო. იმედია, მომავალი წლიდან ასეთი დაბრკოლებები აღარ იქნება და მონაწილეებს უცხოეთიდანაც მოვიწვევთ, გუნდებისა და მონაწილეთა რაოდენობაც გაიზარდება. ჩვენი სურვილია, რომ ამ ტურნირმა არა მხოლოდ ჩვენი ფეხბურთის, არამედ, საქართველოს ცნობადობის გაზრდასაც შეუწყოს ხელი. როდესაც ევროპიდან ჩამოვლენ გუნდები, მშობლები, გულშემატკივრები, შესაბამისად, ქვეყნის ცნობადობაც გაიზრდება.
მიხეილ ყაველაშვილი, ვეტერანი ფეხბურთელი, საქართველოს პარლამენტის წევრი:
„სასიამოვნოა, რომ ევროპის ჩემპიონატის პარალელურად, საქართველოში საფუძველი ასეთ საბავშვო ფესტივალს ჩაეყარა. ჩემს ბავშვობაში ასეთ ტურნირებზე მონაწილეობა დიდი ბედნიერება იყო. ყველაზე მთავარია, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყო სპორტში ჩართული, ბავშვებისთვის კი მნიშვნელოვანია, რომ ბევრი მსგავსი ფესტივალი და ტურნირები ჩატარდეს. იმედია, მომავალში ეს საერთაშორისო ფესტივალი გახდება, საქართველო კი ისეთი ქვეყანაა, ყველა სიამოვნებით ჩამოვა“.
მამუკა კვარაცხელია, უეფას მედიაოფიცერი:
„ძალიან კარგია, რომ ევროპის ჩემპიონატის პარალელურად, საქართველოში ასეთი ტურნირი ტარდება. შევეცდები, რომ მომამავალ წელს ჩემი დანიელი მეგობრები ჩამოვიყვანო. იქნებ, ასეთი ფესტივალები გახდეს დასაბამი ჩვენი მომავალი წარმატებების – ვინ იცის, იქნებ, ამ ბიჭებიდან მომავალ ევროპის ჩემპიონატებზე რომელიმემ ითამაშოს“.