მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები, ჰოლანდიის ნაკრებისა და „მილანის“ ყოფილი ნახევარმცველი კლარენს ზეედორფი და საფრანგეთის ნაკრებისა და „ჩელსის“ ფლანგის ექს-შემტევი ფლორიან მალუდა ბათუმში
იმყოფებიან.
საქმე ისაა, რომ აჭარის დედაქალაქში მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადა მიმდინარეობს, სადაც 3 ოქტომბერს ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებიც გაიმართება.
პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი არკადი დვორკოვიჩია, რომლის მხარდამჭერიც „სოკარ ჯორჯიას“ პრეზიდენტი მაირ მამედოვი გახლავთ. ისინი დღეს ანგისაში, ბათუმის „დინამოს“ საწვრთნელ ბაზაზე გამართული საერთაშორისო ტურნირის ორგანიზატორები იყვნენ.
როგორც შევიტყვეთ, ვეტერანი ჰოლანდიელი და ფრანგი ფეხბურთელები, ასევე რუსეთის ნაკრების ორი ექსფეხბურთელი – დმიტრი ბულიკინი და დმიტრი სიჩოვი – მათი მოწვევით ჩამოვიდნენ.
ბათუმშია თბილისის მერი კახა კალაძეც, რომელიც კლარენს ზეედორფის ყოფილი თანაგუნდელია. ბათუმში ვეტერან ფეხბურთელებთან გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში ბათუმის „დინამოს“ ყოფილმა დირექტორმა, ოთარ ფედიჩკინმა გამოაქვეყნა.