ბასილაშვილმა ნავსი გატეხა - მაიამის „მასტერსის“ პირველი წრე დაძლეულია
ბასილაშვილმა ნავსი გატეხა - მაიამის „მასტერსის“ პირველი წრე დაძლეულია

წარმატებით დაძლია მაიამის „მასტერსის“ პირველი წრე ქართველმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა. მან სამსეტიან დაძაბულ ბრძოლაში მოუგო იტალიელ ტომას ფაბიანოსთან.

ბასილაშვილისთვის ამ მატჩს ფსიქოლოგიური თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ქართველი იტალიელთან შეხვედრას შვიდმატჩიანი წაგებათა სერიით შეხვდა. ამ უიღბლო სერიამ ის გამოწვია, რომ ნიკა 89-ე ადგილამდე ჩამოქვეითდა, არადა, იანვრის ბოლოს, ახლოს იყო TOP50-ში შესვლასთან.

ურთიერთშეხვედრებში ბასილაშვილი 2:1-ს უგებდა ფაბიანოს. მათი ბოლო შეხვედრა წელს, დოჰას ტურნირზე შედგა და ის ნიკამ ორ სეტში მოიგო. მიუხედავად ამისა, მატჩის წინ, იტალიელი ბუკმეიკერების აშკარა და ულაპარაკო ფავორიტი იყო.

ბასილაშვილისთვის ფაბიანოსთან შეხვედრა ძალიან ცუდად დაიწყო. მართალია, იტალიელის გეიმებში ბრძოლა იყო, მაგრამ ქართველმა ორი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა, თავად კი 1:1-დან მოყოლებული, სამი საკუთარი და ჯამში ხუთი გეიმი ზედიზედ დათმო და პირველი სეტი 32 წუთში 1:6 წააგო.

ბასილაშვილმა მეორე სეტში დაალაგა საკუთარ მოწოდებაზე თამაში და ერთი ბრეიკ-პოინტის შანსიც არ მისცა აპენინელს. თავად კი, როგორც იქნა, ბრეიკ-პოინტების რეალიზება შეძლო – ეს ორჯერ გააკეთა და 26 წუთში მეორე სეტი მას დარჩა – 6:2.

გადამწყვეტ სეტში მთავარი ამოცანა ბასილაშვილმა პირველ გეიმში შეასრულა – მოიგო მოწინააღმდეგის გეიმი და ისღა დარჩენოდა, საკუთარი მოწოდება შეენარჩუნებინა და მეორე წრის საგზურიც მისი იქნებოდა. მაგრამ, მეექვსე გეიმი ბასილაშვილმა ჩააგდო და მეტოქეს უკუბრეიკის შესრულების საშუალება მისცა.

კარგია, რომ ამ მომენტმა ბასილაშვილზე ფსიქოლოგიურად ცუდად არ იმოქმედა. ქართველი შანსს აღარ აძლევდა ფაბიანოს საკუთარ მოწოდებაზე, ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში – 5:5-ზე კი მეტოქის მოწოდებაზე გაიბრძოლა, ოთხი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და მეოთხე ცდაზე შეასრულა გადამწყვეტი ბრეიკი.
ამის შემდეგ, ბასილაშვილმა მატჩზე ჩააწოდა და საათსა და 47 წუთში 1:6, 6:2, 7:5 მოიგო. ნიკას შემდეგი მეტოქე მეექვსე ნომრად განთესილი სამხრეთაფრიკელი კევინ ანდერსონი იქნება, რომელსაც აქამდე არასოდეს შეხვედრია.