„ბასიანი“ აზერბაიჯანში მიემგზავრება - სამოყვარულო კლუბი უეფა-ს რეგიონთა თასზე იასპარეზებს #1TVSPORT
საქართველოს მოყვარულთა ლიგის გამარჯვებული, თბილისის „ბასიანი“ ევროპის სამოყვარულო საკლუბო ჩემპიონატზე, უეფა-ს რეგიონთა თასზე სათამაშოდ აზერბაიჯანში მიემგზავრება.
„ბასიანი“მოახლოებული მატჩებისთვის სფფ-ის ვაკის ტექნიკურ ცენტრში ემზადება, ბაქოში კი 22 ივნისს გაემგზავრება, სადაც საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს გამართავს. ჯგუფის გამარჯვებულს ორ საუკეთესო გუნდებს შორის გასამართი ფინალური შეხვედრა გამოავლენს, რომელიც 29 ივნისს შედგება.
გუნდის ბაქოში გამგზავრებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უზრუნველყოფს. ვაკის საფეხბურთო ცენტრში „ბასიანის“ ვარჯიშს სფფ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, კახა ჭუმბურიძე და სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი, ბერდია ჯიბლაძე დაესწრნენ. კახა ჭუმბურიძემ ფეხბურთელებს წარმატებები უსურვა და გუნდს სრული ეკიპირება გადასცა.
კახა ჭუმბურიძე, სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი: „2016 წლიდან, მოყვარულთა ლიგის გათამაშება საქართველოს მასშტაბით, მოყვარულთა ლიგის ასოციაციის თაოსნობით და ფეხბურთს ფედერაციის მხარდაჭერით ტარდება. ყოველწლიურად გათამაშებაში უფრო და უფრო მეტი გუნდი ერთვება. შარშან 412 გუნდი მონაწილეობდა და „ბასიანის“ სახით ღირსეული ჩემპიონი გვყავდა. ახლა „ბასიანს” მნიშვნელოვან ტურნირზე, უეფა-ს რეგიონთა თასზე ვაცილებთ. ვფიქრობ, ეს გუნდი ჩვენ იმედებს გაამართლებს და გამარჯვებით გაგვახარებს. ფეხბურთს ფედერაცია გამგზავრებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს საკუთარ თავზე იღებს და სამოყვარულო ფეხბურთს ყოველთვის გვერდში დაუდგება. მოყვარულთა ლიგა ძალიან ბევრ საკითხს მოიცავს. როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, ისე იმ ფეხბურთელების ჩართვას სპორტში, რომლებმაც თავის დამკვიდრება პროფესიულ ფეხბურთში ვერ მოახერხეს. თუმცა სამოყვარულო დონეზე სიხარულით თამაშობენ“.
გიორგი მაკასარაშვილი, „ბასიანის“ ფეხბურთელი: „სამ კვირაზე მეტია, რაც ვვარჯიშობთ. ფეხბურთს ფედერაციამ გამოგვიყო ვაკის საფეხბურთო ცენტრი, სადაც გავიარეთ მოსამზადებელი ეტაპი. მივემგზავრებით ბაქოში, სადაც პირველ თამაშს ესტონურ გუნდთან გავმართავთ. განწყობა ამაღლებულია, რადგან სამი კვირაა სრული დატვირთვით ვვარჯიშობთ და ფსიქოლოგიურად მზად ვართ. ვიცით, რომ არ იქნება მარტივი, მაგრამ მოსამზადებელი ეტაპი გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ყველაფერი წარმატებით ჩაივლის და ამ ეტაპს გადავლახვავთ“.
მოყვარულთა ლიგის გათამაშება საქართველოს მასშტაბით 2016 წლიდან ტარდება. 2022 წელს, ისტორიაში პირველად, მოყვარულთა ლიგის ჩემპიონმა „ბასიანმა“ საქართველოს თასის გათამაშებაში მიიღო მონაწილეობა.
„ბასიანის“ მატჩები შესარჩევ ეტაპზე:
23 ივნისი – ბასიანი – ტალინა ზაპოოსი (ესტონეთი)
27 ივნისი – კასკელენი (ყაზახეთი) – ბასიანი