კახა ჭუმბურიძე - გოგონათა შორის მალე 11x11-ზე ჩემპიონატს ჩავატარებთ #1TVSPORT
კახა ჭუმბურიძე - გოგონათა შორის მალე 11x11-ზე ჩემპიონატს ჩავატარებთ #1TVSPORT

სფფ-ის პირველი ვიცე პრეზიდენტის, კახა ჭუმბურიძის თქმით, ქალთა ფეხბურთში მალე კიდევ ერთი ახალი ტურნირი გაიმართება, რადგან ორგანიზაციისთვის ქალთა ფრეხბურთის განვითარება ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. მან ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და Master League-ის (7×7-ზე ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი აკაკი ხლაბუსტოვი) ინიციატივით, „კაჭრეთის ამბასადორში“ 15-წლამდე გოგონათა შორის 7×7-ზე საფეხბურთო ჩემპიონატის დაწყების შემდეგ განაცხადა.

„2022 წლიდან ჩემპიონატი რეგულარულ სახეს მიიღებს და ფეხბურთის მოყვარულ გოგონებს ყოველწლიურად მისცემს საშუალებას ითამაშონ თავიანთი საყვარელი სპორტის სახეობა. მსგავსი ტურნირები შეუწყობს ხელს ჩვენ ქვეყანაში ამ მიმართულების გაძლიერებას. ჩვენი მიზანია, მთელი საქართველოს მასშტაბით, უფრო მეტ გოგონას მივცეთ ფეხბურთის თამაშის შესაძლებლობა. ტურნირი აღმოსავლეთ საქართველოს გუნდების მონაწილეობით გაიხსნა და მომდევნო დღეების განმავლობაში სხვა რეგიონების გუნდებიც ჩაერთვებიან. ამ მიმართულებით, ჩვენ არაერთ პროექტს ვახორციელებთ, რათა უფრო მეტად ხელმისაწვდომი გავხადოთ ფეხბურთი გოგონებისთვის. შემოდგომაზე კიდევ ერთ ახალ პროექტს ჩაეყრება საფუძველი და გოგონათა შორის 11×11-ზე რეგულარული ჩემპიონატი დაიწყება. მიხარია, რომ წლიდან წლამდე, უფრო მეტი გოგონა ერთვება ფეხბურთში. წარმატებას ვუსურვებ ჩემპიონატში მონაწილე თითოეულ გუნდს“, – განაცხადა კახა ჭუმბურიძემ.

პროექტი პირველად 2021 წელს, ფესტივალის ფორმატში გაიმართა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 30-მდე გუნდი მონაწილეობდა. მიმდინარე წლიდან კი, ჩემპიონატი რეგულარულ სახეს მიიღებს და მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართება. 2022 წლის სეზონისთვის ტურნირში განაცხადი 40-ზე მეტმა გოგონათა გუნდმა შეიტანა.