ბაშარ ასადი - სირიის პროვინციების გათავისუფლება გაგრძელდება, მიუხედავად გარე ზეწოლისა
სირიის ხელისუფლება თავისი პროვინციების გათავისუფლებას გააგრძელებს, მიუხედავად გარე ზეწოლისა, – ამის შესახებ სირიის პრეზიდენტმა, ბაშარ ასადმა განაცხადა.
როგორც სირიის სახელმწიფო მედიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სირიის არმია გააგრძელებს შეტევას ქვეყნის სრულ გათავისუფლებამდე.
ბაშარ ასადის თქმით, ბოლო პერიოდში მიღწეულმა წარმატებებმა აჩვენა, რომ ამბოხებულები, რომლებიც მისი დამხობისკენ მიისწრაფვიან, განწირულები არიან დამარცხებისთვის.
დღეს სირიის ხელისუფლებამ ალეპოს პროვინციის ამბოხებულთა ჯგუფებისგან სრული გათავისუფლების შესახებ განაცხადა.
შეგახსენებთ, სირიის ჩრდილოეთ ნაწილში ვითარება ბოლო რამდენიმე კვირაა, უკიდურესად დაძაბულია. სირიის სამთავრობო ძალების მხრიდან თურქეთის სამხედროების პოზიციიების მისამართით საარტილერიო ცეცხლის საპასუხოდ, 10 თებერვალს თურქეთმა იდლიბში სირიის სახელისუფლებო ობიექტებზე ათობით დარტყმა განახორციელა, რის შედეგადაც, ანკარას ცნობით, მოკლულია 100-ზე მეტი სამხედრო. თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სირიის ხელისუფლებას იდლიბიდან ძალების გასაყვანად თვის ბოლომდე მისცა ვადა.