ბარსელონაში საპროტესტო აქციების მეხუთე დღეს, პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. მომიტინგეები დაპატიმრებული კატალონიელი სეპარატისტების ლიდერების გათავისუფლებას ითხოვდნენ.
დემონსტრაციების პარალელურად, ბარსელონაში მასობრივი გაფიცვაც გაიმართა, რის გამოც, ქალაქის ცენტრალური ქუჩები ბლოკირებული იყო. სულ ჩახერგილი იყო 20 საავტომობილო მაგისტრალი.
მომიტინგეებმა ჩახერგეს საფრანგეთისა და ესპანეთის დამაკავშირებელი გზატკეცილიც, რის გამოც, გზაზე ათობით მანქანა ვერ ახერხებდა გადაადგილებას.
აქციების გამო გადაიდო საფეხბურთო კლუბ „ბარსელონასა“ და მადრიდის „რეალის“ მატჩიც.
დემონსტრანტების ნაწილი, რომელთაც ნიღბები ეკეთათ, პოლიციას დაუპირისპირდა. მათ სამართალდამცველებს სხვადასხვა ნივთები დაუშინეს და ნაგვის ურნებს ცეცხლი წაუკიდეს. შეტაკების დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ათობით დემონსტრანტი დააკავეს.
კატალონიელი სეპარატისტების ლიდერები 2017 წელს, კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ უკანონო რეფერენდუმის ჩატარებაში, ამბოხისკენ მოწოდებასა და ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში დამნაშავედ ცნეს.