მასობრივი საპროტესტო აქცია ბარსელონაში - საქართველოს პირველი არხის ფოტო და ვიდეომასალა ესპანეთიდან

კატალონიის დამოუკიდებლობის ასიათასობით მხარდამჭერი ბარსელონაში დემონსტრაციებს მართავს.

საპროტესტო მსვლელობა ქალაქის ხუთი წერტილიდან დაიწყო. მანიფესტანტებმა გრან ვიას ქუჩა ჩაიარეს და აქცია Passeig De Gracia-ს მოედანზე ჩაატარეს.

დღის განმავლობაში მანიფესტანტებს ტაშით და შეძახილებით ეგებებოდა მოსახლეობა ახლოს მდებარე კორპუსებიდან.

დემონსტრანტების გაღიზიანება გამოიწვია ერთ-ერთი ადგილობრივი არხის ჟურნალისტმა, რომელიც მანიფესტანტების თქმით, მიკერძოებულია და ოფიციალური მადრიდის პოზიციას გამოხატავს.

ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეფერხებით მუშაობს, ცენტრალურ უბნებში გადაკეტილია გზები, მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო. ელ პრატის აეროპორტში ფრენების დიდი ნაწილი არ შესრულდა.

საპროტესტო გამოსვლები 14 ოქტომბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კატალონიის ლიდერებს ამბოხის მოწყობის ბრალდებით პატიმრობა მიუსაჯა.