ბაქოში „ჯვაროსნების“ ყოფილ მწვრთნელს ელიან - აზერბაიჯანის ასოციაცია ვაისისგან შედეგების გარანტიას ითხოვს #1TVSPORT
აზერბაიჯანის ნაკრების მომავალი მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი იქნება, ის უახლოეს დღეებში ბაქოში ჩასვლას გეგმავს – საქართველოს ეროვნული გუნდის ყოფილ დამრიგებელზე ინფორმაციას „ფუტბოლინფო“ ავრცელებს.
„მოლაპარაკებები ვლადიმირ ვაისთან, რომელიც აზერბაიჯანის ნაკრების მთავარი მწვრთნელობის მთავარ კანდიდატია, წარმატებით გრძელდება. შეიძლება ითქვას, რომ 59 წლის სლოვაკი სპეციალისტი აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის წინადადებას დაეთანხმა.
სლოვაკმა მწვრთნელმა აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, როვშან ნაჯაფის მიწვევა მიიღო დეტალებზე მოსალაპარაკებლად ბაქოში ელიან. მას სურს, ადგილზე გაეცნოს პირობებს და ამავდროულად, ფინანსური საკითხებიც შეათანხმოს.
აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციისთვის ერთ-ერთი დამაბრკოლებელი ვაისის მაღალი სახელფასო მოთხოვნაა. ამას გარდა, ყოყმანის კიდევ ერთი მიზეზი „სლოვანთან“ მოქმედი კონტრაქტია. აზერბაიჯანელი საფეხბურთო ჩინოვნიკები დიდი კომპენსაციის გადახდას არ აპირებენ. თუ თავად მწვრთნელი შეძლებს ბრატისლავის კლუბთან შეთანხმებას, კონტრაქტი მაშინვე გაფორმდება.
ყველა საკითხი ბაქოში ვიზიტის დროს გირკვევა. გარიგების დასასრულებლად ვაისს ფინანსებთნ დაკავშირებით კომპრომისზე წასვლა მოუწევს. ამავდროულად, ეროვნული ნაკრების შედეგებთან დაკავშირებით დამაიმედებელი დაპირებები უნდა გასცეს. აღსანიშნავია, რომ ჯანი დე ბიაზის წასვლის შემდეგ აზერბაიჯანის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა გასული წლის ნოემბრიდან ვაკანტურია“, – წერს Futbolinfo.az.
საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლამ აზერბაიჯანში დიდი რეზონანსი გამოიწვია და ისინი საქართველოს ნაკრების გამოცდილების გაზიარებას ცდილობენ. ვლადიმირ ვაისი კი საქართველოს ეროვნულ გუნდს 2016-2020 წლებში ხელმძღვანელობდა.