აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში დღეს ძიუდოს გრანდ სლემი აიღებს სტარტს. ტურნირი 5-7 ნოემბერს გაიმართება, რომელზეც საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები გადახალისებული შემადგენლობით იასპარეზებს. პირველ საშეჯიბრო დღეს მედლების მოპოვებას სამი ქართველი სპორტსმენი შეეცდება. მთლიანობაში კი, ბაქოს გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების 10 წევრი იჭიდავებს.
60 კგ წონით კატეგორიაში ჯაბა პაპინაშვილი უკრაინელ კირილ სამოტუგს შეხვდება და გამარჯვების შემთხვევაში, აზერბაიჯანელ ბალაბაი აგაიევს ან რუს დამირ მერემოვს დაუპირისპირდება.
ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) ტურნირში მეორე რაუნდიდან ჩაებმება. ქართველი იაპონელ იუჯი აიდასა და აზერბაიჯანელ იბრაჰიმ ალიევის ორთაბრძოლაში გამარჯვებულს შეხვდება. ამავე წონაში იასპარეზებს ბაგრატ ნინიაშვილი, რომლის პირველი მეტოქე აზერბაიჯანელი ისმაილ იბრაჰიმოვი იქნება. ბაქოს გრანდ სლემზე დღეს წინასწარი შეხვედრები 12:00 საათზე, ხოლო ფინალური ბლოკი 17:00 საათზე დაიწყება.