ბაჰრეინში საჰირის ავტოდრომზე ფორმულა 1-ში მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ეტაპი გაიმართა და სეზონში მეორე რბოლა მოიგო “ფერარის” პილოტმა სებასტიან ფეტელმა.
გერმანელმა პირველი პოზიციიდან აიღო სტარტი, ერთი პიტსტოპის ტაქტიკა აირჩია და შეძლო მეორე გამარჯვების მოპოვება. ეს იყო სებას კარიერაში 49-ე გამარჯვება.
ფეტელის მთავარმა კონკურენტმა, “მერსედესის” პილოტმა ლუის ჰემილტონმა მეცხრე პოზიციიდან აიღო სტარტი. მან პირველივე წრეებზე გამოიყენა სიჩქარეში უპირატესობა და მეოთხე ადგილზე გადავიდა, შემდეგ კი გაუმართლა, როცა “ფერარის” მეორე პილოტმა კიმი რაიკონენმა შეწყვიტა ბრძოლა, რითაც ჰემილტონმა პირველ სამეულში შესვლა მოახერხა. მეორე ადგილი “მერსედესის” მეორე წევრმა, ფინელმა ვალტერი ბოტასმა დაიკავა, რომელიც ბოლო მეტრებამდე ებრძოდა ფეტელს, მაგრამ ვერ შეძლო გერმანელის გასწრება.
რბოლის სხვა მოვლენებიდან აღსანიშნავია “რედ ბულის” კრახი – ავსტრიული საჯინიბოს წევრებმა დანიელ რიკარდომ და მაქს ფერსტაპენმა ფინიშამდე ვერ მიაღწიეს.
ორი ეტაპის შემდეგ, ფეტელს 50 ქულა აქვს, მეორეზეა ჰემილტონი – 33, მესამეზე ბოტასი – 22.
შემდეგი ეტაპი ერთ კვირაში ჩინეთში გაიმართება.