ბაჩანა არაბული უნგრეთის ყველაზე ცნობილი საფეხბურთო აკადემიის მთავარ გუნდში, „პუშკაშ აკადემიაში“ ჩაირიცხა, – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
„ჩვენ ქართველი თავდამსხმელით გავძლიერდით – „პუშკაშისს აკადემიაში“ ბაჩანა არაბული ითამაშებს, რომელიც გასულ სეზონში „ბალმაზუივაროშში“ გამოდიოდა. ის ჩვენთან კომპენსაციის გარეშე, თავისუფალი აგენტის სტატუსით გადმოვიდა და 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა”, – წერს „პუშკაშის“ ოფიციალური გვერდი.
კომენტარი თავად არაბულმაც გააკეთა.
„მშვენიერ კლუბში მოვხვდი და მიხარია, რომ შევთანხმდით. მიმაჩნია, რომ დღევანდელი შემადგენლობით ბევრის მიღწევა შეგვიძლია. ამ ორი წლის განმავლობაში გუნდის წინსვლისთვის ყველაფერს გავაკეთებ”,- განაცხადა არაბულმა.
დასრულებულ სეზონში ქართველმა ფეხბურთელმა „ბალმაზუივაროშში“ ცხრა გოლი გაიტანა. მისი გუნდი გავარდა, მაგრამ უკეთეს გუნდში მოხვდა – „პუშკაშმა“ სეზონი მე-6 ადგილზე დაასრულა, სეზონში არაბულმა ამ გუნდის წინააღმდეგ ჩემპიონატსა და უნგრეთის თასზე ხუთჯერ ითამაშა და სამი გოლი გაუტანა.