აზერბაიჯანის ნაკრების მწვრთნელად ვლადიმირ ვაისის კანდიდატურას განიხილავენ #1TVSPORT
აზერბაიჯანის ნაკრების მთავარ მწვრთნელად ვლადიმირ ვაისის კანდიდატურა განიხილება – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „აზერისპორტი“ ავრცელებს.
„აზერბაიჯანის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის დანიშვნასთან დაკავშირებით ჯერჯერობით სიახლე არ არის, მაგრამ, არსებული ინფორმაციით, ფეხბურთის ასოციაცია არჩევანს ვლადიმირ ვაისსა და შტეფან კუნცს შორის გააკეთებს“, – წერს გამოცემა.
ამის თაობაზე კომენტარი აზერბაიჯანის საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, აფრან ისმაილოვმა გააკეთა – მიუხედავად იმისა, რომ ვაისის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის D დივიზიონის ჯგუფში გაიმარჯვა, სლოვაკეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გაიყვანა, ხოლო ბრატისლავის „სლოვანი“ ბოლო წლებში ჩემპიონობას არავის უთმობს, მან სლოვაკ სპეციალისტს წარუმატებელი მწვრთნელი უწოდა.
„როგორც ჩანს, ეროვნულ ნაკრებში უცხოელი სპეციალისტი დაინიშნება. დასახელებული კანდიდატებიდან ზოგი კარგად მუშაობდა, ზოგიც – ცუდად. მთავარია, რომ ახალმა მწვრთნელმა ეროვნულ გუნდს სარგებლობა მოუტანოს, რადგან აზერბაიჯანის ნაკრები ქვეყნისთვის რიგითი გუნდი არ არის.
ვაისმა ბევრი გააკეთა საქართველოს ნაკრების წარმატებისთვის, მაგრამ ძნელია რაიმეს დაზუსტებით თქმა. მწვრთნელს გუნდში მისი შედეგების მიხედვით იწვევენ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვინმე დაინტერესდეს სპეციალისტით, რომელსაც შედეგი არ აქვს“, – განაცხადა აფრან ისმაილოვმა.