ავტოინდუსტრია ელექტრომობილების განვითარებაში 300 მილიარდ დოლარს ჩადებს
ავტოინდუსტრია ელექტრომობილების განვითარებაში 300 მილიარდ დოლარს ჩადებს

მსოფლიოს წამყვანი ავტომწარმოებლები მომავალი 5-10 წლის მანძილზე ელექტრომობილების ტექნოლოგიების განვითარებაში 300 მილიარდ დოლარს ჩადებენ.

სააგენტო Reuters-ის ექსკლუზიური ანალიზის მიხედვით, დაგეგმილი 300 მილიარდი დოლარი უპრეცედენტოდ დიდი მოცულობის ინვესტიციაა, რაც კი ოდესმე ელექტრომობილების ინდუსტრიაში განხორციელებულა.

სააგენტო აღნიშნავს, რომ ავტოინდუსტრიის ეს ნაბიჯი ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის შემცირებაზე მიმართული სამთავრობო პოლიტიკის შედეგია და ელექტრომობილების ტექნოლოგიების დახვეწას ისახავს მიზნად, რათა შემცირდეს ელემენტების ფასი და დამუხტვის დრო

მას შემდეგ, რაც ჩინეთმა და სხვა ქვეყნებმა ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილებზე შეზღუდვები გააფაართოეს, ავტოინდუსტრიამ უფრო მეტი ძალისხმევა მიმართა ამ მიმართულებით. თუკი ერთი წლის წინ ინდუსტრია ელექტრომობილებში მხოლოდ 90 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავდა, ეს თანხა უკვე 300 მილიარდია – რაც აღემატება მაგალითად, ეგვიპტის ან ჩილეს ეკონომიკას.

ინვესტიციის შედეგად, მოხდება ელექტრომობილების მასიურ პროდუქციაში ჩაშვება ჩინეთში, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში.

აღნიშნული ინვესტიციის დიდ ნაწილს 91 მილიარდ დოლარს გერმანული ავტოგიგანტი Volkswagen-ი გაიღებს, 42 მილიარდს კი, მისი მთავარი გერმანელი კონკურენტი Daimler-ი.

2025 წლისთვის მხოლოდ Volkswagen-ი 15 მილიონი ელექტრომობილის გამოშვებას გეგმავს, აქედან 50 მოდელი წმინდა ელექტრომობილი იქნება, ხოლო 30 მოდელი ჰიბრიდი. საბოლოოდ კი, კომპანია მისი 300-ივე მოდელის ელექტრომობილების გამოშვებას აპირებს Audi-სა და Porsche-ს ჩათვლით.

აშშ-ის წამყვანი ავტოგიგანტი General Motors-ი 8 მილიარდ დოლარს ჩადებს ელექტრომობილებსა და ავტო-პილოტური ავტომობილების განვითარებაში.

300 მილიარდის დიდი ნაწილი, 135 მილიარდი დოლარი  ჩინეთში ჩაიდება. ჩინეთი, რომელიც ერთ დროს ცდილობდა გერმანულ, იაპონურ და ამერიკულ ავტომწარმოებლებს დასწეოდა, მოცემულ მომენტში ელექტრომობილების მწარმოებელი ინდუსტრიის ლიდერად ყალიბდება და გიგანტი ავტომწარმოებლები ამ ბაზარზე ფეხის მოკიდებას ცდილობენ.

ევროპული ავტოინდუსტრიის ლიდერები აღიარებენ, რომ ისინი დღეს ჩინეთში ელექტრომობილების განვითარების ყველაზე ხელსაყრელ პირობებს ხედავენ, რისი ნახევარიც არ არის ევროპაში ან სხვა ადგილას.