ავსტრიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება
ავსტრიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება

ავსტრიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით შვიდ საათზე გაიხსნა და 17:00 საათისთვის დაიხურება. წინასწარი პროგნოზით, კანცლერ სებასტიან კურცის „ავსტრიის სახალხო პარტია“ ხმათა 33 პროცენტის მიღებას შეძლებს. 183-მანდატიან ეროვნულ საბჭოში სავარაუდოდ ადგილს მოიპოვებენ „სოციალ-დემოკრატები“ 22 პროცენტით, „ავსტრიის თავისუფალი პარტია“ 20 პროცენტით, მემარჯვენე-ლიბერალური „ნეოსი“ 8 პროცენტით და მწვანეები 13 პროცენტით.

უმრავლესობის მოსაპოვებლად კი, 92 მანდატია საჭირო, რის მიღებასაც დიდი ალბათობით ვერც ერთი პარტია ვერ შეძლებს და კოალიციური მთავრობის ფორმირება გახდება საჭირო.

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ავსტრიაში სკანდალური ვიდეოჩანაწერის გასაჯაროების შემდეგ, ვიცე-კანცლერ ჰანც-კრისტიან შტრახეს გადადგომისა და კოალიციური მთავრობის დაშლის გამო დაინიშნა.

ვიდეოკადრებში, რომელსაც „იბიცას საქმედ“ იცნობენ, ვიცე-კანცლერი რუსი ოლიგარქის ნათესავს ავსტრიაში სახელმწიფო კონტრაქტებს ჰპირდება.