სენსაციურად დასრულდა ავსტრალიის ღიას ქალთა ტურნირის პირველი ნახევარფინალი. მე-14 ნომრად განთესილმა, ამერიკელმა სოფია კენინმა ორ სეტში დაამარცხა მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ავსტრალიელი ეშლი ბარტი – 7:6(6), 7:5. შეხვედრა საათი და 48 წუთი გრძელდებოდა.
კენინმა ორივე სეტში ურთულესი სიტუაციიდან მოახერხა გამოსვლა. პირველ პარტიაში ბრეიკი არ ყოფილა. ტაი-ბრეიკზე ბარტი 6:4 დაწინაურდა და ორმაგი სეტბოლი მიიღო, მაგრამ კენინმა ზედიზედ ოთხი გათამაშება მოიგო და სეტებში დაწინაურდა.
ბარტი მეორე პარტიაშიც ახლოს იყო მოგებასთან. მან მესამე გეიმში ბრეიკი შეასრულა, 5:4-ზე სეტზე აწვდიდა და ისევ ორი სეტბოლი ჰქონდა. მაგრამ, კენინმა აქაც შეძლო გადარჩენა და უკუბრეიკი შეასრულა. საბოლოოდ, ამერიკელმა 3:5-დან ზედიზედ ოთხი გეიმი აიღო და კარიერაში პირველად გავიდა „დიდი სლემის” ტურნირების ფინალში.
ჩოგბურთელებს ამ მატჩში ოთხ-ოთხი ბრეიკ-პოინტი ჰქონდათ. კენინმა ორი შანსი გამოიყენა, ბარტიმ – ერთი. ავსტრალიელი ბევრს ცდებოდა და 36 უნებლიე შეცდომა დააგროვა. კენინი 25-ჯერ შეცდა.
ფინალში სოფია კენინის მეტოქე რუმინელი სიმონა ჰალეპისა და ესპანელი გარბინე მუგურუსას მატჩში გაირკვევა.