ავსტრალიის ჩოგბურთის ფედერაცია ქვეყნის მთავრობასთან თანამშრომლობით ეძებს გზებს 2021 წლის „დიდი სლემის“ რიგით პირველი ტურნირის – ავსტრალიის ღია პირველობის ჩასატარებლად.
როგორც ადგილობრივი პრესა წერს, დიდი ალბათობით, ტურნირი 1 თებერვალს დაიწყება, მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ შტატის მთავრობამ ნება დართოს ჩოგბურთელებს, 7 იანვრამდე ჩავიდნენ მელბურნში.
მოთამაშეებისთვის აუცილებელი იქნება 14-დღიანი კარანტინის გავლა. ავსტრალიის მთავარობა დაჟინებით მოითხოვს, რომ ამ პერიოდში მათ აკრძალული ჰქონდეთ ვარჯიში. თუმცა, ავსტრალიის ჩოგბურთის ფედერაცია, პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაცია (ATP) და ქალ ჩოგბურთელთა ასოციაცია (WTA) აწარმოებენ მოლაპარაკებებს იმისთვის, რომ ვარჯიშები დაშვებული იყოს სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩოგბურთელებს მხოლოდ 10 დღე დარჩებათ ტურნირისთვის მოსამზადებლად.
2021 წელს არ იგეგმება გუნდური ტურნირის – ATP Cup ჩატარება, რომელშიც შარშან, საქართველოს ნაკრებაც მიიღო მონაწილეობა.