ავსტრალიის ღია პირველობის ერთ-ერთმა ფავორიტმა, ამერიკელმა სერენა უილიამსმა, ავსტრალიის ღია პირველობა ძალიან დამაჯერებელი მოგებით დაიწყო.
მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, რომელიც ამჟამად მე-16 ადგილზეა კლასიფიკაციაში, 31 წლის გერმანელ ტატიანა მარიას ეთამაშებოდა და მხოლოდ ორი გეიმი დაუთმო მას – 6:0, 6:2.
სერენამ საკუთარ გეიმებში გათამაშებული 33 ქულიდან მხოლოდ ხუთი დათმო – სამი პირველ მოწოდებაზე და ორი – მეორეზე. შესაბამისად, გერმანელი ერთხელაც ვერ მივიდა ბრეიკ-პოინტამდე, უილიამსმა კი რვა ბრეიკ-პოინტიდან ხუთი გამოიყენა.
სერენა უილიამსმა ზედიზედ ცხრა გეიმის მოგებით დაიწყო მატჩი და მარიამ მხოლოდ 0:6, 0:3-ზე შეძლო პირველი გეიმის აღება. თამაში 50 წუთი გრძელდებოდა.
შემდეგ წრეში უილიამსის მეტოქე იქნება კანადელი ეჟენი ბუშარი, რომელმაც ვეტერანი ჩინელი შუაი პენგი 6:2, 6:1 გაანადგურა.