ავსტრალიის ღია 2020 - ქალთა ტურნირზე პირველი ნახევარფინალური წყვილი შედგა
მსოფლიოს პირველი ჩოგანი ეშლი ბარტი პირველი ავსტრალიელი გახდა ბოლო 36 წელიწადში, რომელმაც ავსტრალიის ღიას ნახევარფინალში გააღწია. მასპინძელმა ორ სეტში დაამარცხა მსოფლიოს მეშვიდე ჩოგანი, ჩეხი პეტრა კვიტოვა – 7:6(6), 6:2.
შარშან, ეს ჩოგბურთელები ამავე ეტაპზე შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინ კვიტოვამ მოიგო, ასე რომ, ახლა, ბარტიმ რევანში აიღო.
ჩეხს ოთხით მეტი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ რეალიზაცია არ უვარგოდა – 12-დან მხოლოდ ორი შანსი გამოიყენა. ბარტის რვიდან ოთხი რეალიზებული ბრეიკ-პოინტი ჰქონდა.
ბოლო ავსტრალიელი ქალი, რომელმაც საშინაო ტურნირის ნახევარფინალში ითამაშა, ვენდი ტურნბული იყო 1984 წელს.
ბარტი ნახევარფინალში ამერიკელ სოფია კენინს შეხვდება, რომელმაც ასევე ორ სეტში მოუგო ტუნისელ ონს ჟაბორს – 6:4, 6:4.
კენინი მატჩში მუდმივად წინ იყო, ჟაბორმა კი ბევრი შანსი მიიღო მეტოქის დასაწევად, მაგრამ ჯამში შვიდი ბრეიკ-პოინტიდან მხოლოდ ერთი გამოიყენა.
სოფია კენინი კარიერაში პირველად ითამაშებს „დიდი სლემის” ტურნირის ნახევარფინალში.