შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა მეორე წრის ბარიერი ძალიან დამაჯერებლად გაიარა. ლეგენდამ საათსა და 32 წუთში გაანადგურა სერბი ფილიპ კრაინოვიჩი – 6:1, 6:4, 6:1. ეს იყო ფედერერის 99-ე მოგება ავსტრალიის ღია პირველობაზე.
ფედერერმა შთამბეჭდავი სტატისტიკა აჩვენა: ჩააწოდა 14 ეისი და არცერთი ორმაგი შეცდომა არ ჰქონია, პირველი მოწოდებით ქულების 77 პროცენტი მოიგო, მეორეთი – 62. ჰქონდა 47 „ვინერსი” და 14 უნებლიე შეცდომა. 14 ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და შვიდჯერ მივიდა ბრეიკამდე.
როჯერს მცირე ჩავარდნა მეორე სეტში ჰქონდა, რომელსაც ბრეიკით იგებდა და იოლ მოგებამდე მიდიოდა, მაგრამ დათმო საკუთარი გეიმი. თუმცა, იქვე ფედერერმა ისევ გააკეთა ბრეიკი და მალე სეტიც თავის სასარგებლოდ დაასრულა.
ფედერერი 21-ედ თამაშობს ავსტრალიის ღიაზე და 21-ედ გავიდა მესამე წრეში, სადაც მისი მეტოქე ავსტრალიელი ჯონ მილმენი იქნება. სხვათა შორის, ამ უკანასკნელს 2018 წელს, აშშ-ის ღიაზე შვეიცარიელი დამარცხებული ჰყავს.