AusOpen 2018 - ბასილაშვილმა 2:1-დან წააგო და მერვედფინალში ვერ გავიდა
ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ვერ შეძლო ავსტრალიის ღია პირველობის მერვედფინალში გასვლა. მან მარათონულ შეხვედრაში ბრიტანელ კაილ ედმუნდთან დასანანი მარცხი განიცადა.
აქამდე ეს ჩოგბურთელები ერთხელ იყვნენ შეხვედრილი პროფესიულ ტურში – 2016 წლის როლან გაროსის პირველ წრეში და მაშინ, ბრიტანელმა ოთხ სეტში მოიგო. ასე რომ, ბასილაშვილს რევანშის აღება მართებდა.
პირველი სეტის პირველივე გეიმში ბასილაშვილმა ბრეიკი გააკეთა, მაგრამ უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო – ედმუნდმა მეოთხე გეიმში დაიბრუნა დაკარგული მოწოდება. თანაბარ სეტში ყველაფერი ტაი-ბრეიკმა გადაწყვიტა, რომელიც ქართველმა მთლიანად ჩააგდო – 0:7 დამარცხდა.
ბასილაშვილს არც მეორე სეტის დასაწყისი გამოუვიდა – ედმუნდი ბრეიკით გავიდა წინ – 3:1. და სწორედ ამ დროს, ნიკამ მყარად და დიდი ხნით მოიპოვა ინიციატივა – მან ზედიზედ 7 (!) გეიმი აიღო, რომლის წყალობით მოიგო მეორე სეტი და დაწინაურდა მესამეში – 6:3, 2:0. მართალია, ედმუნდმა მეექვსე გეიმში მოახერხა საპასუხო ბრეიკის შესრულება, მაგრამ ბასილაშვილმა იქვე მეხუთე ბრეიკი მიითვალა და საბოლოოდ, მოიგო პარტია – 6:4, სეტებში კი 2:1 დაწინაურდა.
მეოთხე სეტი ბასილაშვილს არ გამოუვიდა. მეორე გეიმში, რომელიც 35 (!!!) გათამაშებისგან შედგებოდა, ედმუნდმა მერვე ბრეიკ-პოინტიდან მოიგო. ბასილაშვილმა, როგორც ჩანს, ამ სეტში დასვენება გადაწყვიტა და აღარ უბრძოლია – 0:6. ყველაფერი მეხუთე სეტს უნდა გადაეწყვიტა.
მეხუთე პარტია აბსოლუტურად თანაბარი გამოვიდა. ედმუნდს მეექვსე გეიმში ჰქონდა ორი ბრეიკ-პოინტი, მაგრამ ვერ გამოიყენა, ბასილაშვილმა კი მეცხრე გეიმში ე. წ. დაფარული მატჩბოლი მიიღო, მაგრამ ბრიტანელმა საფრთხე მოიგერია.
ამის შემდეგ, ქართველს ასეთი შანსი აღარ მისცემია, ედმუნდმა კი მე-12 გეიმში მატჩში რიგით 27-ე ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა, რომელიც თან მატჩბოლი იყო და შანსი ხელიდან აღარ გაუშვა. 3 საათი და 37 წუთი ბრძოლის შემდეგ, ბრიტანელმა 7:6(0), 3:6, 4:6, 6:0, 7:5 მოიგო.