AusOpen 2018 – ბასილაშვილმა 2:1-დან წააგო და მერვედფინალში ვერ გავიდა

08:31, 19.01.2018

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ვერ შეძლო ავსტრალიის ღია პირველობის მერვედფინალში გასვლა. მან მარათონულ შეხვედრაში ბრიტანელ კაილ ედმუნდთან დასანანი მარცხი განიცადა.
აქამდე ეს ჩოგბურთელები ერთხელ იყვნენ შეხვედრილი პროფესიულ ტურში – 2016 წლის როლან გაროსის პირველ წრეში და მაშინ, ბრიტანელმა ოთხ სეტში მოიგო. ასე რომ, ბასილაშვილს რევანშის აღება მართებდა.

პირველი სეტის პირველივე გეიმში ბასილაშვილმა ბრეიკი გააკეთა, მაგრამ უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო – ედმუნდმა მეოთხე გეიმში დაიბრუნა დაკარგული მოწოდება. თანაბარ სეტში ყველაფერი ტაი-ბრეიკმა გადაწყვიტა, რომელიც ქართველმა მთლიანად ჩააგდო – 0:7 დამარცხდა.

ბასილაშვილს არც მეორე სეტის დასაწყისი გამოუვიდა – ედმუნდი ბრეიკით გავიდა წინ – 3:1. და სწორედ ამ დროს, ნიკამ მყარად და დიდი ხნით მოიპოვა ინიციატივა – მან ზედიზედ 7 (!) გეიმი აიღო, რომლის წყალობით მოიგო მეორე სეტი და დაწინაურდა მესამეში – 6:3, 2:0. მართალია, ედმუნდმა მეექვსე გეიმში მოახერხა საპასუხო ბრეიკის შესრულება, მაგრამ ბასილაშვილმა იქვე მეხუთე ბრეიკი მიითვალა და საბოლოოდ, მოიგო პარტია – 6:4, სეტებში კი 2:1 დაწინაურდა.

მეოთხე სეტი ბასილაშვილს არ გამოუვიდა. მეორე გეიმში, რომელიც 35 (!!!) გათამაშებისგან შედგებოდა, ედმუნდმა მერვე ბრეიკ-პოინტიდან მოიგო. ბასილაშვილმა, როგორც ჩანს, ამ სეტში დასვენება გადაწყვიტა და აღარ უბრძოლია – 0:6. ყველაფერი მეხუთე სეტს უნდა გადაეწყვიტა.

მეხუთე პარტია აბსოლუტურად თანაბარი გამოვიდა. ედმუნდს მეექვსე გეიმში ჰქონდა ორი ბრეიკ-პოინტი, მაგრამ ვერ გამოიყენა, ბასილაშვილმა კი მეცხრე გეიმში ე. წ. დაფარული მატჩბოლი მიიღო, მაგრამ ბრიტანელმა საფრთხე მოიგერია.

ამის შემდეგ, ქართველს ასეთი შანსი აღარ მისცემია, ედმუნდმა კი მე-12 გეიმში მატჩში რიგით 27-ე ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა, რომელიც თან მატჩბოლი იყო და შანსი ხელიდან აღარ გაუშვა. 3 საათი და 37 წუთი ბრძოლის შემდეგ, ბრიტანელმა 7:6(0), 3:6, 4:6, 6:0, 7:5 მოიგო.

https://twitter.com/AustralianOpen/status/954199177629614080

მსგავსი