აუდიტის სამსახური - თერჯოლის სოფლებში სემეკ-ის ნაცვლად წყლის ტარიფი ლიცენზიის არმქონე ა(ა)იპ-მა დაადგინა
აუდიტის სამსახური - თერჯოლის სოფლებში სემეკ-ის ნაცვლად წყლის ტარიფი ლიცენზიის არმქონე ა(ა)იპ-მა დაადგინა

თერჯოლის სოფლებში სემეკ-ის ნაცვლად წყლის ტარიფი ლიცენზიის არმქონე ადგილობრივმა ა(ა)იპ-მა დაადგინა. ამის შესახებ აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია საუბარი.

„მუნიციპალიტეტის 32 სოფლიდან წყლის მრიცხველები მოწყობილია ოთხ სოფელში. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ − „თერჯოლის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის მუნიციპალური სამსახურის“ დირექტორის ბრძანებით, დადგენილია ტექნიკური წყლის საფასური − ერთი კუბ.მ – 0.4 ლარი. თვითმმართველი ერთეულების მიხედვით, წყლის ტარიფის განსაზღვრის უფლებამოსილება გააჩნია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკი)“, – წერია დოკუმენტში.

შესაბამისად, აუდიტის სამსახურის დასკვნით, ტარიფი არ არის კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილი.

ამასთან, კომპანიას, რომელიც პასუხისმგებელია სისტემის გამართულ ფუნქციონირებასა და მიწოდებული წყლის ხარისხზე, უნდა გააჩნდეს შესაბამისი ლიცენზია.

„თერჯოლის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის მუნიციპალურ სამსახურს, რომელიც პასუხისმგებელია 31 სოფელში წყლის ქსელის გამართულ ფუნქციონირებაზე, ლიცენზია არ აქვს“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

აუდიტის სამსახურის მონაცემებით, ადგილობრივ ხელისუფლებას მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების პრობლემის მოსაგვარებლად თავისუფალი სახსრების გამოყენება შეეძლო, თუმცა ეს არ გაუკეთებია.

დატოვე კომენტარი