ატლანტაში პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, დაკავებულია 36 დემონსტრანტი
ატლანტაში პოლიციამ რასიზმის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, სამართალდამცველებმა 36 დემონსტრანტი დააკავეს. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება იმ ადგილას მოხდა, სადაც რამდენიმე დღის წინ პოლიციელის ნასროლ ტყვიას 27 წლის აფროამერიკელი რეიშარდ ბრუქსი ემსხვერპლა.
27 წლის რეიშარდ ბრუქსს პოლიციის ოფიცერმა პარასკევს საღამოს ესროლა. ინციდენტი ერთ-ერთ სწრაფი კვების ობიექტთან მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, სამართალდამცველები რესტორნის მეპატრონემ გამოიძახა, რადგან ერთ-ერთ მძღოლს საჭესთან ეძინა და სხვა მომხმარებლებს აფერხებდა. მძინარე მძღოლი 27 წლის რეიშარდ ბრუქსი აღმოჩნდა, რომელიც, პოლიციის ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში იყო და სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
მომხდარის გამო, ატლანტის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადადგა.