ასტრონომებმა ეგზოპლანეტის სავარაუდო რადიოგამოსხივება დააფიქსირეს — პირველად ისტორიაში #1tvმეცნიერება
ასტრონომებმა ეგზოპლანეტის სავარაუდო რადიოგამოსხივება დააფიქსირეს — პირველად ისტორიაში #1tvმეცნიერება

სამყაროსა და მასში ჩვენი ადგილის შესწავლის დაუღალავი მცდელობისას, ყოველ ახალ დეტალს უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს.

ვარსკვლავის სიკაშკაშის დონის ოდნავი ჩაბნელება შეიძლება, მის გარშემო პლანეტების არსებობის ნიშანი იყოს; ეზგოპლანეტათა დაფიქსირების ამ მეთოდს ტრანზიტის მეთოდს უწოდებენ და დროში საკმაოდ გამოცდილია. ამჯერად, ასტრონომებმა პირველი ნაბიჯი გადადგეს ეგზოპლანეტების შესწავლის სრულიად ახალი მეთოდისკენ — რადიოგამოსხივების გამოყენებით.

„პლანეტის ავრორულ რადიოგამოსხივებაზე დაკვირვება ყველაზე იმედისმომცემი მეთოდია ეგზოპლანეტური მაგნიტური ველების დასაფიქსირებლად. ეს მეთოდი ფასდაუდებელ ცნობებს მოგვცემს პლანეტის წიაღის სტრუქტურის, ატმოსფეროსა და სიცოცხლისუნარიანობის შესახებ“, — განმარტავს ახალ პუბლიკაციაში კორნელის უნივერსიტეტის ასტრონომი ჯეიკ ტარნერი.

როდესაც დედავარსკვლავის დამუხტულ ნაწილაკთა ნაკადი, იგივე ვარსკვლავური ქარი პლანეტის მაგნიტურ ველს ურტყამს, მისი სიჩქარის ცვლილება შეიძლება დაფიქსირდეს რადიოგამისხივების ცვლილების სახით, მოკლე, უცაბედ ინტერვალებად.

როდესაც მზის ქარებს არხევს, დედამიწის მაგნიტური ველი ვიბრირებს და „ჭრიალებს“. ასეთი რამ დაფიქსირებული გვაქვს მზის სისტემის სხვა პლანეტებთანაც.

ეგზოპლანეტიდან მომდინარე ასეთი რადიოსიგნალების დაფიქსირებისთვის პირველ რიგში საჭიროა შორს გახედვა, რათა ისინი დედამიწის სიგნალებში არ აგვერიოს.

ამისათვის, მკვლევართა ჯგუფმა რამდენიმე წლის წინ შექმნა პროგრამა BOREALIS-ი. მათ ის იუპიტერზე გატესტეს და შემდეგ გამოთვალეს, როგორი იქნებოდა იუპიტერის რადიოგამოსხივება, გაცილებით შორიდან რომ ვაკვირდებოდეთ.

ასეთი რადიოგამოსხივების გამოყენებით ეგზოპლანეტების დაფიქსირება მეცნიერებმა უკვე რამდენჯერმე სცადეს. მათ შორის, ერთ-ერთი ასეთი მცდელობა იყო წლის დასაწყისში, როდესაც ასტრონომებმა რადიოტალღების აქტივობა ვარსკვლავ GJ 1151-სა და მის პოტენციურ, დედამიწის ზომის პლანეტას შორის მიმდინარე ურთიერთქმედებასთან დააკავშირეს. თუმცა, ეს მომდევნო რადიოდაკვირვებებით უნდა დადასტურდეს.

ამიტომ, ტარნერმა და მისმა ჯგუფმა გადაწყვიტა, საკუთარი მეთოდი ნიდერლანდების დაბალი სიხშირის რადიოტელესკოპთა წყების (LOFAR) გამოყენებით ეგზოპლანეტათა სამ სისტემაზე შეემოწმებინა: 55 კირჩხიბი, ანდრომედას იპსილონი და მენახირის ტაუ.

მხოლოდ მენახირის ტაუს (მდებარეობს ჩვენგან 51 სინათლის წლის მანძილზე) მონაცემებში აღმოჩნდა სიგნალები, რომლებიც ემთხვეოდა მკვლევართა მიერ იუპიტერზე ჩატარებული ტესტირების პროგნოზებს. სიგნალები ფიქსირდებოდა 14-21 მეგაჰერც დიაპაზონში და სანდოობიდან სტანდარტული გადახრა დაახლოებით სამს უდრიდა (3,2 სიგმა).

მენახირის ტაუს ბინარული ვარსკვლავური სისტემა ორი ვარსკვლავისგან შედგება — F-ტიპის ახალგაზრდა ვარსკვლავისა და პატარა წითელი ჯუჯასგან. 1996 წელს F-ტიპის ვარსკვლავის გარეშე ცხელი იუპიტერის ტიპის პლანეტა აღმოაჩინეს, რომელიც თავის ვარსკვლავს გარს უვლის 3,3128 დღეში ერთხელ.

„ვუშვებთ, რომ გამოსხივებას თავად პლანეტა გამოყოფს. რადიოსიგნალის სიძლიერიდან, პოლარიზაციიდან და პლანეტის მაგნიტური ველიდან გამომდინარე, კარგად ეთავსება თეორიულ პროგნოზებს“, — ამბობს ტარნერი.

თუ მათ მიერ ჩატარებული გაზომვები სწორია, ეს იმას ნიშნავს, რომ პლანეტის ზედაპირის მაგნიტური ველის სიძლიერე 5-11 გაუსს შორის მერყეობს (შედარებისათვის — იუპიტერის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 4-13 გაუსია და მისი მაგნიტური ველის გაზომვა მიუთითებს, რომ პლანეტას ლითონური წყალბადის ბირთვი აქვს). მაგნიტური ველის გამოსხივების ის სიძლიერე, რაც მკვლევრებმა დააფიქსირეს, თანხმობაშია წინა პროგნოზებთანაც.

დედამიწის მსგავს ეგზოპლანეტათა მაგნიტურ ველს წვლილი უნდა შეჰქონდეს მათ სიცოცხლისუნარიანობაში, რადგან ის პლანეტის ატმოსფეროს მზის ქარისა და კოსმოსური გამოსხივებისგან იცავს, ამავე დროს, უზრუნველყოფს, რომ პლანეტამ ატმოსფერი არ დაკარგოს“, — განმარტავს ტარნერი.

მათ მიერ დაფიქსირებული სიგნალი სუსტია და საჭიროა, რომ დაბალ სიხშირეზე მომუშავე სხვა ტელესკოპებმაც დაადასტუროს; იქამდე გადაჭრით რაიმეს თქმა რთულია.

„არ არის გამორიცხული, რომ ამ გამოსხივების წყარო ვარსკვლავური ანთებები იყოს“, — გვაფრთხილებენ მკვლევრები.

თუკი ამ აღმოჩენას სხვა ტელესკოპები, მაგალითად, LOFAR-LBA და NenuFAR დაადასტურებს, ეგზოპლანეტიდან მომდინარე ასეთი რადიოგამოსხივების დაფიქსირება კვლევებში სრულიად ახალ მიმართულებას ხსნის და შორეულ პლანეტებზე დაკვირვების პოტენციურ ახალ გზას გვთავაზობს.

კვლევა ჟურნალ Astronomy & Astrophysics-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია news.cornell.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.