აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტები ჯორჯ ბუში უფროსის გარდაცვალებას ეხმაურებიან
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტები ჯორჯ ბუში უფროსის გარდაცვალებას ეხმაურებიან. თეთრი სახლის რიგით 41-ე პრეზიდენტის შვილი და აშშ-ის ყოფილი პირველი პირი, ჯორჯ ბუში უმცროსი საკუთარ განცხადებაში მამის ღვაწლს უსვამს ხაზს.
„ჯორჯ ჰერბერტ უოკერ ბუში იყო უმაღლესი პიროვნება და საუკეთესო მამა. სწორედ ისეთი, როგორიც ნებისმიერმა შვილმა შეიძლება მოისურვოს. ბუშების ოჯახი მადლობელია ამერიკის შეერთებული შტატების 41-ე პრეზიდენტის ცხოვრებისა და სიყვარულისთვის“, – აღნიშნულია ჯორჯ ბუში უმცროსის განცხადებაში.
თეთრი სახლის რიგით 41-ე პრეზიდენტის გარდაცვალებას ერთ-ერთი პირველი ბარაკ ობამა გამოეხმაურა.
„ამერიკამ დაკარგა პატრიოტი და თავმდაბალი მსახური, ჯორჯ ჰერბერტ უოკერ ბუში. ჩვენი გულები დამძიმებულია, თუმცა ასევე მადლიერებით არის სავსე. არა მხოლოდ იმ პერიოდისთვის, როდესაც ის პრეზიდენტის რანგში ქვეყანას მართავდა, არამედ მთელი მისი ცხოვრებისთვის, რომლის ფარგლებშიც ის ქვეყანას ემსახურებოდა. ყველანი ბუშების ოჯახის გვერდით ვდგავართ, რადგან ჯორჯისა და მისი მეუღლის, ბარბარას მაგალითით ვართ შთაგნებულნი“, – აღნიშნავს ბარაკ ობამა.
ჰილარი და ბილ კლინტონები კი ერთობლივ სამძიმრის წერილს ავრცელებენ.
„მე და ჰილარი ვგლოვობთ ჯორჯ ბუში უფროსის გარდაცვალებას და უღრმეს მადლობას ვუხდით მისი ცხოვრებისა და ქვეყნის სამსახურში ხანგრძლივი მოღვაწეობისთვის. მადლიერები ვართ მისი სიყვარულისა და მეგობრობისთვის. მადლობელი ვარ ყველა იმ წუთისთვის, რაც მასთან მაქვს გატარებული. მასთან მეგობრობა ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი უდიდესი საჩუქარია“, – აღნიშნულია ბილ კლინტონის წერილში.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში უფროსი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.