აშშ-ში აბორტების აკრძალვის მოწინააღმდეგეთა დემონსტრაცია გაიმართა
აშშ-ში აბორტების აკრძალვის მოწინააღმდეგეთა დემონსტრაცია გაიმართა

აშშ-ში აბორტების აკრძალვის წინააღმდეგ დემონსტრაცია გაიმართა. ასობით აქტივისტი ვაშინგტონში, უზენაესი სასამართლოს შენობის წინ შეიკრიბა. მათ შორის, რამდენიმე „დემოკრატი“ სენატორი იყო. დემონსტრანტებმა განაცხადეს, რომ ბოლო პერიოდში აბორტის აკრძალვის შესახებ მიღებულ მკაცრ კანონებს რეაგირების გარეშე არ დატოვებენ და სასამართლოს საშუალებით მათ წინააღმდეგ აუცილებლად იბრძოლებენ.

როგორც აქტივისტები აცხადებენ, ეს მხოლოდ დასაწყისია და უახლოეს დღეებში აბორტის აკრძალვის წინააღმდეგ დემონსტრაციებს ამერიკის შეერთებული შტატების სხვა ქალაქებშიც გამართავენ.

ბოლო რამდენიმე თვეში ძირითადად „რესპუბლიკელების“ მიერ კონტროლირებად შტატებში აბორტების აკრძალვასთან დაკავშირებით მკაცრი კანონები მიიღეს. ბოლო ასეთი შტატი მისური იყო, სადაც რვაკვირიანი ორსულობის შემდეგ აბორტის გაკეთება მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიშვება, თუ დედის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება. ყველაზე მკაცრი კანონი კი ალაბამაში მიიღეს, სადაც ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის შემთხვევაში ექიმს 99-წლიანი პატიმრობა დაემუქრება. კანონის ფარგლებში ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა ნებისმიერ დროს იკრძალება, გამონაკლისი მხოლოდ დედის სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი გარემოებაა.

აბორტის მოწინააღმდეგეები იმედოვნებენ, რომ ახალი კანონი 1973 წელს ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას შეცვლის, რომლის საფუძველზეც ქვეყანაში აბორტი ლეგალური გახდა.

დატოვე კომენტარი