ფრიდრიხ მერცი – რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს პროვოკაციები, ეს საშიში პროვოკაციები, პოლონეთს ჩვენი სრული სოლიდარობის იმედი უნდა ჰქონდეს

20:12, 23.11.2026

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი რუსეთს საშიში პროვოკაციების შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მერცმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გერმანიის კანცლერმა პოლონეთს სოლიდარობა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ნატო ალიანსის ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს დაიცავს.

„მინდა, ეს ძალიან მკაფიოდ და ნათლად განვაცხადო: რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ეს პროვოკაციები, ეს საშიში პროვოკაციები. პოლონეთს ჩვენი სრული სოლიდარობის იმედი უნდა ჰქონდეს. აუცილებლობის შემთხვევაში, ნატო, რა თქმა უნდა, ალიანსის პასუხისმგებლობის ზონაში შემავალი ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს დაიცავს“,- განაცხადა მერცმა.

მერცმა აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც პოლონეთმა განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან, მისი საჰაერო სივრცის დარღვევა სამი ობიექტით მოხდა, რომელთაგან, სავარაუდოდ, ორი რაკეტა და ერთი დრონი იყო.

ამასთან, გერმანიის კანცლერი გამოეხმაურა ინფორმაციას რუსეთის გეგმების შესახებ, უახლოეს კვირებში ორბიტაზე ბირთვული ქობინით აღჭურვილი თანამგზავრი გაუშვას. მერცმა აღნიშნულ ცნობებს „შოკისმომგვრელი“ უწოდა.

„ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი კოსმოსში ბირთვული იარაღის განთავსებას გეგმავს, ახალი არ არის, თუმცა ამის გამო ის ნაკლებად შოკისმომგვრელი არ ხდება. ეს აჩვენებს, რამდენად შორს წასასვლელად არის მზად რუსეთი, ესკალაციის თვალსაზრისით”,-განაცხადა მერცმა.

მსგავსი