აშშ საშუალო და მოკლე მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ არსებულ ხელშეკრულების შესასრულებლად რუსეთს ვადას აძლევს
თუ რუსეთი 60 დღის განმავლობაში საშუალო და მოკლე მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ არსებულ ხელშეკრულებას არ შეასრულებს, ამერიკის შეერთებული შტატების დოკუმენტს გამოეთიშება. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ნატო-ს მინისტერიალზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თქმით, ვითარების გამოსწორების საკითხი მოსკოვის ხელშია.
„ხელშეკრულების შეჩერებაზე პასუხისმგებელი რუსეთია. მხოლოდ მათ შეუძლიათ მისი გადარჩენა. თუ რუსეთი აღიარებს დარღვევებს და სრულად დაუბრუნდება შესრულებას, ჩვენ ამას რა თქმა უნდა მივესალმებით“, – განაცხადა პრესკონფერენციაზე მაიკ პომპეომ.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ასევე განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ალიანსში სრული ერთიანობაა.
ხელშეკრულება, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირს შორის 1987 წელს გაფორმდა, საშუალო და მოკლე მანძილის რაკეტების კონტროლს მოიცავს.