გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენელი - ჩვენ არ გვინდა დაპირისპირება, მაგრამ რუსეთი თუ უკრაინაში შეიჭრება, ვიმოქმედებთ გადამწყვეტად, სწრაფად და ერთხმად
გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენელი - ჩვენ არ გვინდა დაპირისპირება, მაგრამ რუსეთი თუ უკრაინაში შეიჭრება, ვიმოქმედებთ გადამწყვეტად, სწრაფად და ერთხმად

გაერო-ს უშიშროების საბჭოს დღევანდელ შეხვედრაზე მხარეებმა უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრის საკითხი განიხილეს.

როგორც ამერიკული მედია წერს, შეხვედრას რაიმე სახის ქმედება, ან ერთობლივი განცხადება არ მოჰყოლია. საუბრის ძირითადი ნაწილი აშშ-ისა და რუსეთის მუდმივ წარმომადგენლებს შორის კამათს დაეთმო, რომლებიც კონსენსუსამდე ვერ მივიდნენ.

„თქვენ მოისმინეთ ჩვენი რუსი კოლეგებისგან, რომ ჩვენ ამ შეხვედრის ჩატარებისკენ მოგიწოდებთ, რათა ყველამ თავი არაკომფორტულად იგრძნოთ. წარმოიდგინეთ, რამდენად არაკომფორტული იქნებოდა, თქვენს საზღვართან 100 000 ჯარისკაცი რომ იდგეს, ისევე, როგორც უკრაინის საზღვართან დგანან. ეს რიტორიკა არ არის. ეს აშშ-სა და რუსეთს არ ეხება. ეს ეხება ჩვენი ერთ-ერთი წევრი ქვეყნის მშვიდობასა და უსაფრთხოებას“, – განაცხადა გაერო-ში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა, ლინდა თომას-გრინფილდმა.

საკუთარ გამოსვლაში თომას-გრინფილდმა რუსეთი ათწლეულების განმავლობაში ევროპაში ჯარების ყველაზე დიდ მობილიზებაში დაადანაშაულა.

„თუ რუსეთის უკრაინაში კვლავ შეიჭრება, ვერც ერთი ჩვენგანი ვერ იტყვის, რომ ეს აქამდე არ გვინახავს და ამის შედეგები იქნება საშინელი“, – დაამატა აშშ-ის წარმომადგენელმა.

თავის მხრივ, რუსეთის წარმომადგენელმა, ვასილი ნებენზიამ კვლავ უარყო კრემლის გეგმები უკრაინაზე თავდასხმის თაობაზე და ამერიკულ მხარეს სთხოვა წარმოედგინა „რაიმე სახის მტკიცებულება, გარდა ფაბრიკაციებისა, რომ რუსეთის უკრაინაზე თავდასხმას აპირებს“.

„საიდან გაჩნდა რიცხვი 100 000 სამხედრო მოსამსახურე, როგორც თქვენ ამბობთ რუსეთ-უკრაინის საზღვარზე, ეს რიცხვი ჩვენ არსად გვიხსენებია“, – აღნიშნა ნებენზიამ.

აშშ-ის განცხადებებს რუსეთის ტერიტორიაზე ჯარების გადაადგილების თაობაზე ნებენზიამ „რუსეთის შიდა საქმეებში მიუღებელი ჩარევა“ უწოდა.

გაერო-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის, ლინდა თომას-გრინფილდის თქმით, ვაშინგტონის წინადადებები ყოველთვის იყო მკაფიო და თანმიმდევრული.

„ჩვენ ვხედავთ მშვიდობის გზას, ჩვენ ვხედავთ დიალოგის გზას, არ გვინდა დაპირისპირება, მაგრამ ჩვენ ვიმოქმედებთ გადამწყვეტად, სწრაფად და ერთხმად, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება“, – განაცხადა თომას-გრინფილდმა.

გასულ პარასკევს, გაერო-ში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენლობამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ უშიშროების საბჭო 31 იანვარს შეიკრიბება ვაშინგტონის ინიციატივით, რათა მხარეებმა „რუსეთის მუქარის შემცველი ქცევა“ განიხილონ.

გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეგლამენტის მიხედვით, საბჭოს ნებისმიერ წევრს შეუძლია, ნებისმიერი საკითხის განსახილველად პროცედურული კენჭისყრის ინიცირება. დისკუსიის დასაწყებად აუცილებელია ინიციატივას მხარი დაუჭიროს 15 წევრიდან სულ მცირე ცხრა წევრმა.