„ნიუ იორკ თაიმსი“ - რუსმა დიპლომატებმა მოლაპარაკებებზე მიანიშნეს, რომ მოსკოვის მოთხოვნები თუ არ დაკმაყოფილდება, აშშ-ის სანაპიროებთან შესაძლოა, ბირთვული რაკეტები განთავსდეს
„ნიუ იორკ თაიმსი“ - რუსმა დიპლომატებმა მოლაპარაკებებზე მიანიშნეს, რომ მოსკოვის მოთხოვნები თუ არ დაკმაყოფილდება, აშშ-ის სანაპიროებთან შესაძლოა, ბირთვული რაკეტები განთავსდეს

რუსმა დიპლომატებმა აშშ-ისა და ნატო-ს წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებზე მიანიშნეს, რომ თუ უსაფრთხოების გარანტიებზე მოსკოვის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, აშშ-ის სანაპიროების მახლობლად შესაძლოა, ბირთვული რაკეტები განთავსდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი“ დისკუსიის მონაწილე დასავლელ დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, რუსეთის წარმომადგენლებს მსგავსი გეგმების შესახებ პირდაპირ არ უსაუბრიათ და არ დაუკონკრეტებიათ, თუ რომელ ქვეყნებსა და ტერიტორიებზეა საუბარი აშშ-ის მახლობლად, მაგრამ გამოცემა ასევე წერს, რომ რაკეტების განთავსება სამიზნემდე მისაღწევ დროს ხუთ წუთამდე შეამცირებდა.

სტატიის ავტორების თქმით, შეუძლებელია იმის თქმა, რამდენად სერიოზულია მსგავსი გეგმები და არის თუ არა ისინი დასავლური ქვეყნების დაშინების მცდელობა, რათა აიძულონ ისინი, მიიღონ რუსეთის მოთხოვნები მოლაპარაკებებში.

მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა ტელეარხ „არტივიაისთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთს შეუძლია, გაატაროს ღონისძიებები სამხედრო-საზღვაო ძალების მეშვეობით, თუ ვაშინგტონი მოსკოვის პროვოცირებას მოახდენს და მასზე სამხედრო ზეწოლას განაგრძობს. პასუხად კითხვაზე, განიხილება თუ არა საერთოდ რუსული სამხედრო ინფრასტრუქტურის, მაგალითად, ვენესუელაში ან კუბაში განლაგების შესაძლებლობა, რიაბკოვმა თქვა: „არაფრის დადასტურება და არც არაფრის გამორიცხვა მსურს“.