აშშ-მა ისრაელიდან პენტაგონის 120-მდე თანამშრომელი გაიყვანა, სახელმწიფო დეპარტამენტი მოქალაქეებს ისრაელში არსებული ვითარების შესახებ აფრთხილებს
აშშ-მა ისრაელიდან პენტაგონის 120-მდე თანამშრომელი გაიყვანა, სახელმწიფო დეპარტამენტი მოქალაქეებს ისრაელში არსებული ვითარების შესახებ აფრთხილებს

აშშ-მა ისრაელიდან პენტაგონის 120-მდე თანამშრომელი გაიყვანა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „ესოშიეიტიდ პრესი“ ავრცელებს.

როგორც პენტაგონის პრესმდივანმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, ამერიკულმა პერსონალმა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავით ისრაელი 13 მაისს დატოვა. კირბის განმარტებით, პენტაგონის წარმომადგენლები ისრაელში მომავალი ორმხრივი წვრთნების დასაგეგმად იმყოფებოდნენ.

ამასთან, რეგიონში კონფლიქტის ესკალაციის ფონზე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოქალაქეებს ისრაელში დაგეგმილი მგზავრობის გადახედვას ურჩევს. სახელმწიფო დეპარტამენტი მოქალაქეებს აფრთხილებს ღაზის სექტორიდან ისრაელის ქალაქების, მათ შორის, იერუსალიმის მიმართულებით სარაკეტო დარტყმების, ისრაელის საპასუხო იერიშების, ასევე ისრაელში საპროტესტო გამოსვლებისა და გაზრდილი ძალადობის შესახებ.

ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს აშშ-ის მოქალაქეებს, არ გაემგზავრონ დასავლეთ სანაპიროზე „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული შეზღუდვების გამო და არ გაემგზავრონ ღაზის სექტორში „კოვიდ-19“-ის, ტერორიზმის, არეულობისა და შეიარაღებული კონფლიქტის გამო.