აშშ-მა ჩინეთისთვის დაწესებული ტარიფების ნაწილი გააუქმა
აშშ-მა ჩინეთისთვის დაწესებული ტარიფების ნაწილი გააუქმა

აშშ-მა ჩინეთისთვის დაწესებული ტარიფების ნაწილი დროებით გააუქმა. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება. დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა. ტრამპის განმარტებით, ტარიფების ნაწილი 15 დეკემბრამდე გაუქმდება. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის გადაწყვეტილება ჩინეთიდან შეტანილ მობილურ ტელეფონებს, კომპიუტერების სხვადასხვა ნაწილებს და სათამაშოებს შეეხება.

როგორც დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს აღნიშნა, ტარიფების ნაწილის დროებითი გაუქმება ამერიკელი მყიდველებისთვის გადაწყვიტა, რათა ისინი საშობაო სეზონზე არ დაზარალებულიყვნენ.

რამდენიმე კვირის წინ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 300 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ საქონელზე პირველი სექტემბრიდან 10-პროცენტიან ტარიფს დააწესებს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გადაწყვეტილების მიზეზად ოფიციალური პეკინის მხრიდან შეთანხმებული პირობების დარღვევა დაასახელა. ამასთან, სექტემბერში აშშ-სა და ჩინეთს შორის არსებული სავაჭრო ომის ფარგლებში მორიგი მოლაპარაკებები იყო დაგეგმილი, თუმცა ბოლო კვირებში მხარეებს შორის ურთიერთობის გამწვავების ფონზე, სექტემბერს დაგეგმილი მოლაპარაკებები კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

დატოვე კომენტარი