წითელას მზარდი აფეთქების გამო, ვაშინგტონის შტატში ჯანდაცვის ობიექტები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, ბოლო კვირებში შტატსა და მის შემოგარენში წითელათი დაინფიცირების 100-მდე დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა.
„სი-ბი-ეს ნიუსი“ იუწყება, რომ წითელას გამო მთელი შტატის მასშტაბით საჯარო თავშეყრის ადგილებში გამოჩენას ერიდებიან. მათ შორის არის სკოლები, სადაც მშობლები ბავშვების გაშვებას უსაფრთხოების მიზნით თავს არიდებენ.
შესაბამისი ვაქცინის გაკეთების შემთხვევაში, ადამიანი წითელასგან 95 პროცენტით არის დაცული. თუმცა, ამერიკის შეერთებული შტატების 18 შტატში, მათ შორის ვაშინგტონში, მშობლებს უფლება აქვთ, თავად გადაწყვიტონ, აცრიან თუ არა საკუთარ შვილს, მათი მორალის თუ რწმენის გათვალისწინებით. ამასთან, ქვეყანაში ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს ვაქცინა სხვადასხვა მომაკვდინებელი დაავადების პროვოცირებას იწვევს. ამიტომ, ბავშვების ნაწილი აცრილი ამ დრომდე არ არის. ამ მხრივ განსაკუთრებით რთული ვითარებაა ნიუ-იორკშიც, სადაც ამ სეზონზე წითელას 200-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული.
გასულ წელს ამერიკის შეერთებული შტატების 26 შტატში წითელას 350 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა.