აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - 2020 წელს საქართველოში ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულის რაოდენობა 32 პროცენტით შემცირდა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - 2020 წელს საქართველოში ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულის რაოდენობა 32 პროცენტით შემცირდა

2020 წელს, პანდემიის პირობებში, საქართველოში ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულის რაოდენობა, 2019 წელთან შედარებით, 32 პროცენტით შემცირდა, – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადებულ საერთაშორისო ნარკოტიკების კონტროლის სტრატეგიის 2021 წლის ანგარიშში.

დოკუმენტის მიხედვით, 2020 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნარკოტიკების ტრანზიტთან ბრძოლის განყოფილებამ, აშშ-სთან ერთად, ბათუმში ამოიღო 40 კილოგრამი ჰეროინი. ამასთან, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო 2020 წელს ნარკოტიკების შიდა მოხმარება საქართველოში გაზრდილია, კერძოდ, საუბარია ნარკოტიკებზე, რომლებიც კრიპტოვალუტის საშუალებით ინტერნეტში (dark web) იყიდება.

„საქართველო მდებარეობს ნარკოტიკების ტრეფიკინგის მთავარ გზაზე, რომლის მეშვეობითაც ოპიუმი, ჰეროინი და სხვა ქიმიური ნაერთების ტრანსპორტირება ხდება. გაყიდვების 56 პროცენტი კანაბისის პროდუქციაზე მოდის, დანარჩენს კი სინთეტიკური ნარკოტიკები და ფსიქოტროპული ნივთიერებები შეადგენს. ეს ტრანზაქციები, ძირითადად, ხდება ისეთი სერვისების გამოყენებით, როგორებიცააა „ტელეგრამი“. 2019 წლის იანვარში ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზით გამოწვეული გარდაცვალების რამდენიმე ფაქტის შემდეგ, კრიმინალურმა პოლიციამ ინტერნეტში ნარკოტიკებთან ბრძოლის დანაყოფი შექმნა. 2020 წელს დანაყოფმა დიდ წარმატებას მიაღწია ნოემბერსა და დეკემბერში, შესაბამისად 70 და 20 კილოგრამი სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალება ამოიღო, ხოლო 2020 წლის ივლისში 4 380 აბი MDAM და 964 აბი სუბოტექსი. 2020 წლის აგვისტოში, ამ და სხვა ნარკოტიკების ამოღების საქმეებზე, საქართველოს კრიმინალურმა პოლიციამ დააყადაღა 50 სხვადასხვა აქტივი (მანქანები, უძრავი ქონება და ნაღდი ფული), რომელთა საერთო ღირებულება 850 000 დოლარს აჭარბებდა“, – ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2018 წელს საქართველოში მარიხუანას პირადი მოხმარებისთვის ადმინისტრაციული ჯარიმა გაუქმდა, შედეგად „მარიხუანას ბრუნვა გაიზარდა“.

„2019 წლის ივლისიდან 2020 წლის იანვრამდე მარიხუანას დიდი მოცულობის ტრანსპორტირების ხუთი შემთხვევა აღიკვეთა. სამხრეთ აფრიკიდან კომერციულ რეისებზე სულ ამოღებული იყო საერთო ჯამში 80 კილოგრამი მარიხუანა“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

ამასთან, დოკუმენტში ნათქვამია, რომ პანდემიის გამო საქართველოს მთავრობამ ჩაკეტა საზღვრები. შედეგად, ნარკოტიკების გადაზიდვა 2020 წლის იანვრიდან აგვისტომდე, 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 66 პროცენტით შემცირდა.

„საერთო ჯამში საქართველოში ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულების რაოდენობა, 2020 წლის იანვრიდან აგვისტომდე პერიოდში დაახლოებით 32 პროცენტით შემცირდა“, – ვკითხულობთ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

დატოვე კომენტარი