ამერიკის შეერთებული შტატების საკალათბურთო ნაკრების შემადგენლობაში ორი ცვლილება მოხდა.
ტოკიოს ოლიმპიადას გამოტოვებს „ვაშინგტონის“ მცველი ბრედლი ბილი. მიზეზი კორონავირუსია – კალათბურთელი შეიყვანეს COVID-19-თან დაკავშირებული უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის პროტოკოლებში.
ბრედლი ბილმა ოლიმპიადის მზადების ციკლში ამერიკის ნაკრების სამივე ამხანაგურ მატჩში ითამაშა. აშშ-მ წააგო ნიგერიასთან (87:90) და ავსტრალიასთან (83:91) და დაამარცხა არგენტინა (108:80).
ასევე ტრავმის გამო გამოაკლდა გუნდს კევინ ლავი. მას მარჯვენა ფეხის ტრავმა აქვს.
უკვე ცნობილია მათი შემცვლელების ვინაობა. ესენი არიან: „დენვერის“ ცენტრი ჯავალ მაკგი და „სან ანტონიოს“ ფორვარდი კელდონ ჯონსონი.
ტოკიოს ოლიმპიადაზე საკალათბურთო ტურნირი 25 ივლისიდან 8 აგვისტომდე გაიმართება.