აშშ-ის ღია პირველობაზე მწვრთნელების კარნახს დაუშვებენ
აშშ-ის ღია პირველობაზე მწვრთნელების კარნახს დაუშვებენ

ამერიკის ღია პირველობის ორგანიზატორები ექსპერიმენტული სიახლის შემოღებას აპირებენ. ერთ-ერთი უძველესი საჩოგბურთო პრინციპია – მოთამაშე თავად იღებს კორტზე გადაწყვეტილებას, მაგრამ 2019 წლის სეზონში „დიდი სლემის“ რიგით მეოთხე ტურნირზე, შესაძლოა ოფიციალურად დაუშვან გათამაშებებს შორის მწვრთნელების მხრიდან კარნახი.

წელს, მწვრთნელებს კარნახის უფლება მისცეს ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო მატჩების დროს და ძირითად ბადეში იგივეს გაკეთება მოვლენათა ლოგიკურ განვითარებად მოჩანს.

როგორც ბრიტანული გაზეთი „ტელეგრაფი“ (The Telegraph) წერს, ამ საკითხს განიხილავდნენ როლან გაროსის მსვლელობისას. მსჯელობაში მონაწილეობას იღებდნენ „დიდი სლემის“ ოთხივე ტურნირის წარმომადგენლები. როგორც ჩანს, ავსტრალიური ტურნირი მიბაძავს ამერიკულს, რაც შეეხება საფრანგეთის ღია პირველობასა და უიმბლდონს, ისინი არ წასულან ამ ინიციატივის წინააღმდეგ, მაგრამ ალბათ შეინარჩუნებენ ტრადიციას.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის აშშ-ის ღიას ფინალის დროს, სერენა უილიამსმა მსაჯისგან გაფრთხილება მიიღო მწვრთნელ პატრიკ მურატოგლუს მხრიდან კარნახის გამო, რაც დიდ სკანდალში გადაიზარდა. მოგვიანებით, მურატოგლუმ აღიარა ეს ფაქტი, თუმცა სერენა დღემდე უარყოფს კარნახის ფაქტს.